მთვარე ბადრია,
სად მიგეჩქარება,
ჯერ ხომ ადრეა?..
შემოდგომაა, ღამეა,
გული კი ისეა,
თითქოს მზის ჟამია,
თითქოს მაისია.
ახლა ხომ ალერსით
დათრობის წამია;
ხეებსაც ჩაესმით,
ეს ცაც მოწამეა,
რომ უსიყვარულოდ
სისხლია უჩქეფი;
უსმინე, ფარულად
რას ხმობენ ბუჩქები:
_ ტრფობით ალეწილნი
ქვეყნად სანამ ვართო,
იყოს სიყმაწვილე _
ქართა სანავარდო.
შენ კი...
კვლავ ჰქრიან ქარები
და მთვარეც ბადრია,
სად მიგეჩქარება,
ჯერ ხომ ადრეა?!..