Litclub.ge

არაგვს
დამწუხრებულმა, არაგვო,
რო გნახე, გავიხარეო,
სრულიად გამოვიცვალე,
წელშიაც ავიხარეო.

რა ლამაზია, წყეულო,
შენთ ზვირთა ლაღნი ჩქერანი,
გააფთრებულსა ტალღასა
კლდეს რო წაუვლენ თქერანი!

შენ თვალს გარიდებ მაშინა,
მთებისკე მწადის ცქერანი,
უნდომლად მამინდებიან
ბედკრულს ბედკრულნი მღერანი.

გულიც იქ იწევს, თვალიცა,
იქ რო მაღალი მთებია,
ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა,
ვის ძუძუც პირში გდებია,
იმათ კალთაზემც მოვკვდები,
მათ ლოდი გულსამაც მდებია!

ზაფხულში აყოვდებიან
მკერდნიც კი სალის კლდისანი,
ყვავილთ პირს ეკონებიან
ცივნი ნამცვრევნი ცისანი.

გაჰყუჩებია ნიავსა
ჯიხვი, ყელ-ყურით ლამაზი,
აღარ აჩხერებს ქვიშათა
კლდით კლდეზე მხტომი გავაზი.

ხან რომ ცა მაიღრუბლება,
ჩებნელდებიან ხევები,
გაჩნდება მეხთა ტკრციალი,
ათრთოლდებიან ხეები,
კლდეებზედ დაიკეცება
სვავთა და არწივთ ფრთეები.

თმებს უკუიყრის ნაკადი,
ცისაკ დაიწყებს ცქერასა,
შაჰყურებს გაოცებული
შავის ღრუბლების მღერასა.
რა ყურმა უნდა გაუძლოს
იმ მთების გულის ძგერასა?!

ხშირად მოხეთქილ წვიმასა
სიპისა აქვის ღარები,
აქა-იქ გაიმტვრევიან
პირგაშაული ღვარები;
იზიდებიან შენკენა
ის გრძნობისაგან მთვრალები,
იმათ ვეღარა დაიჭერს,
თუნდ რკინის დაჰხვდეს კარები.

ახლა ავდარიც გადიყრის
და მზეც გადივლის გორასა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნისლები
ხევებში სდგამენ გორასა.
ვეღარა ჰბედვენ ბეჩავნი
მთებისად მეხის სროლასა,
მაგრამ ფიქრობენ ვაჟანი
სახვალიოდაც ბრძოლასა!