Litclub.ge

გამოეთხოვა...

გამოეთხოვა ათასწლოვან შფოთიან ბურანს...
და მომეახლა ჩემი ასაკი.
შეფარებია მარადიულ ყვითელ ორგიას
სული, სხეულში ჩაფრენილი პეპელასავით.
სავსე მაქვს ტანი, მზით და მიწით სავსე მაქვს ტანი
და მებრალება განწირული სისავსე ჩემი,
დასტირის მიწა ჩემს ვარდისფერ ჟრჟოლას და ამურს
და ცისკენ ჟონავს სული ჩემი, გამდნარი ცრემლი.
როგორ გავექცე დათვლილ წამებს, როგორ გავექცე,
მკერდზე მიტოკავს უცოდველი პაწია თათი
და ჩემს სარეცელს, გათანგულ და რძიან სარეცელს
გადასდის რძის და დედობის მადლი...
ჰოი, ზეცაო, რას მპირდები, მითხარ, სანაცვლოს?
მოენატრება მიწას ჩემი ცრემლის თოვება
და დააჩნდება მზესაც ლაქებად
ჩემი არყოფნის უსაზღვროება...
სავსე მაქვს ტანი, მზით და მიწით სავსე მაქვს ტანი
და მებრალება განწირული სისავსე ჩემი,
დასტირის მიწა ჩემს ვარდისფერ ჟრჟოლას და ამურს
და ცისკენ ჟონავს სული ჩემი - გამდნარი ცრემლი...