აკიაფდა თვალი მარჯნის,
ისმენ წყაროს ანცობებს.
ჰორიზონტის ყვავილნარში
ვარსკვლავები წაწლობენ.
მიწა მწირის ჯვალოსავით
თბილია და უბრალო.
შენ ხარ ჩემი სალოცავი,
იისგულა უფალო.
რა ჩონგური, რის გიტარა
(ხმა გაკმინდეს მერცხლებმა), _
სიჩუმეა იმისთანა,
გალობისა შეგრცხვება.
სადღაც _ ცეცხლი მობრიალე,
ხმა სივრცეში გავიდა.
მთვარის ოქრო მოწკრიალებს
ღრუბლის თეთრი ღარიდან.
მიწა მწირის ჯვალოსავით
თბილია და უბრალო.
შენ ხარ ჩემი სალოცავი,
უკვდავების წყაროსავით
გეწაფები, უფალო.