I
ღამის ბარის
სამკუთხედ სახურავზე
დნება თოვლი
და წვეთ-წვეთ ჩამოდის
გაღვიძებულ კრამიტებზე,
და მძიმე-მძიმედ
ზამთრის ზარივით აკლდება ხმები.
ჩვენ კი მშვიდად ვართ,
როგორც დედის მყუდრო წიაღში,
და ყურს არ ვუგდებთ
სახურავზე თოვლის ჩუმ კვნესას.
უკრავს მუსიკა
და მე იგი მიმერეკება,
მიმერეკება,
როგორც კამეჩს ბოროტი სახრე,
მიმერეკება უცნობისაკენ.
აქ ბროწეულის მარცვლებივით
შენივთულან მოცეკვავენი
და ტრიალებენ,
ტრიალებენ წრეში, როგორაც
ბაქტერიები მოძრაობენ
წვიმის ერთ წვეთში.
ბედნიერი ვარ
და მოვდივარ შენს სიმღერასთან,
შენს სიმღერასთან.
როგორც წყლულთან,
ისე მოვდივარ.
II
ვინ დააწიოკებს ნეტავ ამათ,
ვინ დააფრთხობს
შოლტის ტყლაშუნით,
ან ვინ აწვდება, აიწევა,
აიყალყება
ყველაზე მაღლა,
ყველას თავზე-
როგორც ბუღას
უდროო დროს მოუვლის ხოლმე,
მოულოდნელად, სიჩუმეში,
როცა ნახირი
მტევანივით იწურება
ვიწრო ხიდის მოაჯირებში.
ღამის ბარის
სამკუთხედ სახურავზე
დნება თოვლი
და წვეთ-წვეთ ჩამოდის
გაღვიძებულ კრამიტებზე,
როგორც ჩვენი დედის
თმებზე და მხრებზე,
რომელიც ძროხის საძებნელად იყო წასული
წვიმაში, ჭყაპში...
(ო, მარტის თვეო,
შენ გაიტყუე შენს ტყეებში
ჩვენი ფურ-დედო
გაზაფხულის გამოსახმობად).
ქალიშვილები მიჰკენკავენ თოვლს,
მაგრამ მალე
ჩამობერდება ღამე,
ჩაჯდება
და დასუნთქავს მათ ნაფეხურებს.
III
წავიდა,
ღრუბელივით ტანი წაიღო,
თბილი, ფაფუკი,
მიდიოდა მშვიდად და არხეინად...
(შეღერებული მარმარილოა
თავშეკავება ლამაზი ქალის).
ო, ნეტავი ელვასავით გამასრიალა
ამ ტინებს შორის ,
რომ ფრთა გამეკრა
და გამეხსნა პირი წყლულისათვის,
რომ თეთრ ბორცვებზე
ამსხლტარიყო
ასკილის ტოტი,
როგორც კალმახი
ფშანის ნაპირზე.
მთელი სიცოცხლე
ამ თოვლიანი
მინდვრის გაკვერას
უნდა მოვუნდე.
IV
რა მუსიკაა,
რა უცნაური,
თითქოს გათოშილ ლეკვს მეფერება.
სუნი ტრიალებს ისე წარმტაცი,
როგორც დახვეტილ,
მყუდრო გომურში,
საღამოხანზე
საქონელით რომ აივსება.
მისვენებული შენი სხეული
ვარცლში ჩამდგარი
ცომივით ელავს
და ბედნიერი
ვუჭვრეტ ამ დოვლათს
მსხლისა და ვაშლის
ფერად ზვინებში.
შენ თუ წახვედი,
ყველა თითო რაღაცას დასთმობს
და ცეკვაც აღარ ემგვანება
ყურძნის დაწურვას.
V
სად მემალები,
ყველგან ვხედავ
მე შენს თეთრ ლაქებს
ისე, ვით სოფლის მარტოხელა მასწავლებელი
თავის მილიონ ჰექტარ ღამეში
ფანჯრიდან ხედავს
თოვლიანი მინდვრის თეთრ გულ-მკერდს.
ცხელა,
მბრწყინავი საყვირებიდან
გადმოჩუხჩუხებს სევდის ჭავლები.
ცხელა, დაბზუის ბზიკის ჯარი,
მუმლი ზუზუნებს,
ვერცხლის შიბივით
გაფენილა ველზე ნახირი.
ცხელა და... ღმერთო...
შენს სითეთრეს ვეღარ უშველის
ყავისფერი ტყავ-კაბა,
ვერა!..
გაიგუნგლება შენს თეთრ მტვერში
მთელი სამყარო.
ალბათ მოგბეზრდა თავი,
თვალი ცრემლით აგევსო.
ასე მებაღეს თუ ბეზრდება
თავისი ბაღი,
რადგან ათასი დაყურსული შავი ნაგაზი
მისჩერებია მის გულაბებს,
ოქროსფერ ნაყოფს.
VI
ჩვენი დეკეული - წაბლისფერი
ჩამოივლის ჩვენს ორღობეში
და ქლიავების ტკბილი ჩრდილები
გრილ საფენებით შეხვდებიან მას -
ცეცხლგამოვლილს.