ძმაო, მამავ და ღმერთო -
იესო, იეშუა...
გაჭედილი ვარ სადღაც -
ცხადსა და სიზმარს შუა.
აქეთ, მაქეთ თუ სხვაქეთ -
გამოსავალი თუა?!
ძმაო, მამავ და ღმერთო -
იესო, იეშუა...
გეძახდი, მაგრამ მივხვდი -
დამძახებელი ყრუა.
თორემ ხმის გაცემაზე
ხომ არ იტყოდი უარს.
ძმაო, მამავ და ღმერთო -
იესო, იეშუა...
მომენატრები ისე,
ვით მშიერს პურის ყუა,
ვით ადამს სამოთხეთი,
ეშმამ რომ გამოსტყუა.
ძმაო, მამავ და ღმერთო -
იესო, იეშუა...
გენდე და, - მენდე, თუმცა
კაცი ყოველი ცრუა.
დაშრა შუბლს ქვემოთ, სადაც
ორი პატარა რუა.