Litclub.ge

არჩევანზე
სამკაული - არჩევაზეა.
მაჯას ბაჯაღლო როცა ამძიმებს,
ან ყურს ქაჩავს მხრისკენ ალმასი - გასაკვირი არაფერია.

ჩემი სარკე ირეკლავს ყელს - ნახმის ასხმულით,
ზაფრანის კანტი კაბის ბოლოს ისე გიზგიზებს,
მზიანი ლუპა რომ დამიმიზნო, თივასავით ავბრიალდები.

არჩევაზეა იარაღიც.
ახლადდაზეთილ მაუზერს მაბჯენ საფეთქელთან.
ხანჯალს, კედელზე ჩამოძინებულს, აპრიალებ - სუფთა სისხლი გინდა აიღო,
დაუჟანგავი.

არმინდაომი. ლაყე სიტყვებით გავიტენი ჯიბეებს, ანდა,
ქამარზე - ძახილის ნიშნებს ჩამოვიკიდებ.
ფარიკაობა ქინძისთავებით. გვეყო გვამები.

მეყო ექო - მთებს მოჰქონდა სხვისი ბრძოლის ნატეხებიც,
ჩვენ კი მათში ტყიურებივით ვიხედებოდით.

ირჩევ:
ნეტარების აბებს დაიწვენ ენაზე და დავიწყებას შეიშხაპუნებ.
თუ დაღვრი სითხეს.
წყვეტ: როდისა ხარ მოგებული:
როცა წვები თუ როცა ნახევრად.

რა უფრო მეტად გაჭუჭყიანებს -
ხიდისქვეშეთის მაწანწალებთან გამოთრობა თუ
წრუპვა სნობურ წვეულებაზე.

სულ მეგონა,
ადამიანიც არჩევაზეა.
ზურგზე მოიგდებ და გააქანებ შენი ცხოვრების მიმართულებით.

თურმე დგას და შესარჩევად ორ ხელს დაბლა ხრის
წინასწარ იცის, ვის შეატყუპებს.
მერე ბრუნდება კულისებში.
ჩვენ კი, წყენას რომ გადაგვარჩინოს,
გვაჯერებს, რომ შეგვიყვარდა და შევუყვარდით.