Litclub.ge

ნასახლარების ძახილი
..თითქოს მეჩეჩზე შეჯდა ხომალდი,
გაძალიანდა ხსოვნა თავნება,
ვერ მიატოვე ძველი ნაპირი,
სული შეჩვეულს ეთაყვანება.

ქარი გადმოფენს ზავის სურვილით
ცაზე უეცრად გაჩენილ ღრუბლებს,
შენი ბავშვობა ფეთქავს გულივით,
მაინც წინ გხვდება ეჭვების ზღუდე.

ალბათ ყველაფერს აქვს დასასრული
და ასე მოკვდა შენი სოფელიც,
შეგრჩა მარტოდენ სულის სიცივე -
გრძნობა წარსულის უარმყოფელი.

შენი ხმაურის მძებნელი სული
ელტვის ქალაქებს, ბარებს, კაბარეს...
სად, ვის მიჰგვარე ჩემი წარსული,
თოთო ბავშვივით რომ მოგაბარე.

გიახლოვდები... შორს მრჩები მაინც
და ვეღარ ხვდები, როგორ მაწვალებ,
რატომ გგონია, არაფერს ითხოვს
შენი წინაპრის წმინდა საძვალე.

..სადღაც იელვა, ცამ დაჭრილ მკერდზე
უცებ იფარა ნისლი, ეოცა...
ნეტავ ვიცოდე, ახლა რას ეძებ
ძველთაძველ, წმინდა სამლოცველოსთან.

ხვდები-კი, ახლა, თუ რამ აგრია?
რამ აგიმღვრია ზეცის ფერები?!
ვინ წაგიშალა ასე ბეჯითად
ჩუქურთმა - ქვაში ანამღერები!

...და სინანული გიპყრობს უზომო,
გრძნობ ეპარება ქვასაც სიბერე,
შენ მოგაბარეს ეს საპატრონოდ
და პატრონობა ვერ შეიფერე.

ო, მარტოობა...თაობათათვის
სახადია და არა სიცივე,
ღმერთთან რარიგად დაპატარავდა,
როცა საკუთარ თვალით იხილე.

ვგრძნობ, დარდობ უკვე... შეფარებული
ქალაქის კომფორტს და ფუფუნებას,
გესმის რად გიხმობს ადგილის დედა
ან ხსოვნა რაზე გეჩურჩულება?!

ისევ იელვა და გაიგლიჯა
ღრუბელმა თითქოს რუხი მანტია,
ვიცი, მწარეა ჩემი სიმართლე,
მაგრამ იგი ხომ ცხადზე ცხადია.

გადიან წლები...შენს ნაფუძარზე
უცხო ბალახთა ფერი ამოსკდა,
არაქართული, არაფარული...
შეთვისებული ბნელ საღამოსთან.

ივიწყებ წარსულს - ივიწყებ აწმყოს!
შენც დაგივიწყებს დღე ხვალინდელი,
ვერ აფრინდება ნაფუძარიდან
შენი შვილების ლურჯი ფრინველი.

მიხედე წარსულს, მიხედე აწმყოს,
არ გაიყოლო მომავლის ვალი,
დე, კვლავ შეასკდეს თეთრ-ცისფერ ტატნობს
,,მუმლი მუხას" და კერიის კვამლი.