Litclub.ge

ბავშვები
სხვა შუადღე იდგა,
შორი შუადღე,
როცა შენი თმა,
სახეზე ქარით მოხვეული
ისევ მრცხვენოდა
და გზებზე უკვე ხშირდებოდა ასეთი ქარი.
სხვა შუადღე იდგა,
ჩვენი მწვანე ველოსიპედით
როცა უეცარ ცისარტყელას გადავუარეთ,
როცა სურვილის ჩაფიქრებაც ვერ მოვასწარით,
თითქოს ნატვრები წუხელ ნაცნობ ლოცვანში დაგვრჩა,
გადავიარეთ
და წამითაც არ გვიდარდია,
ჯერ ვერ გვესწავლა წინაპრისგან წარსულზე დარდი.
შუადღეა ახლა
და აქამდე ათასი იყო,
როგორც ცხრაფერა, მომაკვდავი ცისარტყელები –
გვინდოდა ასვლა და ვერცერთხელ ვერ მივუსწარით.
შუადღეა ახლა,
ახლა ვხატავ ცისარტყელებს,
რომლებიც გვანან 
შორი შუადღის უზრუნველ პეპელებს,
როცა არ იცი, რომ პეპელები ორ დღეს ცოცხლობენ
და მესამე დღეს უკვე აღარ შეგრცხვება
ქარის.