ბევრს იცოცხლებ და სასწაულის მოწმეც გახდები,
კმაყოფილია ამ ფურორით შემცბრი მღვდლები,
მათ სახარებას მოთმინებით ისმენენ მგლები -
როგორ მოუხდათ ჰალსტუხები, შავი ბაფთები...
ისკარიოტელს რომ უნდოდა, ის ამინდია,
ასე მგონია, ეშმაკიც კი გადიჭრის ვენებს,
ჩვენში დარჩეს და პატივცემულ მგელ-კაც-ჯენტლმენებს,
ღმერთიც და კაციც სულ ერთიან ფეხზე ჰკიდიათ.
სულ სხვა სურვილებს შეუჭირხლავს სულის თავანი,
რისი სიწმინდე, რა მამული , ერი და ბერი,
ამგვარ საფიქრალს რა ხანია დაედო მტვერი,
გოლგოთა მგლისთვის ხრიოკი და უწყლო მთა არი...
ვისთან ვიჩივლო, როცა უფალს დღე აქვს დუმილის,
ქარებს ამბოხის დაკარგვიათ ზნე და სურვილი...