Litclub.ge

კარჩხლის მთაზე ვიღაც სტვირის ატირებას ლამობს
სიზმარში რომ დამიძახე, გამეღვიძა მამა.
სიხარულით წამოვვარდი და უმალვე შემოგიღე საძინებლის კარი.
როგორც მაშინ, უკანასკნელ ღამეს...
იქ არ იყავ!
შენს საწოლზე დედა იწვა ბადიშების გვერდით...
როგორ მაკლდი...
როგორ აკლდი საწოლს...
ახლაც ვტირი და ფხასავით მეჩხირება სული ყელში.
რა ვქნა, თუ ვერ მოგიგლოვე ჯერაც?
უშენობა შემშლის...
მტკივა ყველა ამოსუნთქვა, ყველა ძარღვი, სადაც შენი მონატრება ფეთქავს...
სად ხარ მამა?
სად გეძიო,რომ გიპოვო?
რომ მოვიდე, და თბილ მკერდზე მოგეხუტო კრძალვით.
შენთან მინდა!
მინდა კვლავაც დაგიკოცნო თითები და მტკივან ფეხზე მოგეფერო ფრთხილად.
კარჩხლის მთაზე ვიღაც სტვირის ატირებას ლამობს...
თითქოს მიხმობს...
თითქოს მისკენ მექაჩება...
შენ ხარ მამა?
მე მოვდივარ!
სულ მცირე ხნით დამელოდე, მაჭახელას ამოვამღვრევ მკერდით.
ამოსვლამდე მოვეხვევი ყველა შემხვედრს და გადავცემ დანაბარებს შენსას...
დამელოდე!
ნუ იჯავრებ, თუ მცირე ხნით შევყოვნდები ცხემლარასთან, შენც ხომ იცი, თუ ის წყალი არ დავლიე , სიკვდილამდე არ მეყოფა ღონე.
პეშვით დავლევ...
შენს წილს გულზე ჩამოვიღვრი...
წესისამებრ, მეფის ხიდზე გავალ, მოვიკითხავ ჩვენი გვარის უხუცესებს და მაშინმე მდინარისკენ წავალ...
წყალს ავყვები.
სამზიართან კარჩხალივით წამოვდგები... სახლს გავხედავ შენს მშობელს და გამზრდელს... იქაც მხოლოდ ერთი წუთით შევჩერდები, იქნებ სადმე მომელანდოს ბებო. 
მამა!
მან ხომ, ვერ გაგიშვა მარტოდ? საბოლოოდ მოიხადა ვალი - შენს ნაფეხურს აედევნა ლოცვით, თითქოს ამით გაგიმაგრა მონგრეული მხარი... 
სად ხარ მამა?
დამენაცრა სული...
გამაგონე შენი სტვირის მოთქმა!
არ დამღუპო, არ გაჩერდე უცაბედად!
არ იფიქრო, შევუშინდე ჩანჩქერს.. თუნდაც შენებრ დავიმსხვრე და დავილეწო... მაინც შევძლებ, ამოვალ და გნახავ.