Litclub.ge

ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღისადმი

1925 წლის 17 მაისს დაიბადა დიდებული ქართველი პოეტი და მწერალი ფრიდონ ხალვაში. მომავალი პოეტი ქვეყანას მოევლინა სოფელ გეგელიძეებში, ქედის რაიონში. აიშე გოგიტიძე-ხალვაშისა და იშილ ხალვაშის ოჯახში.

თავისი პირველი პოეტური კრებული გამოსცა 1948 წელს. 1957 წელს დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი, 1959 წელს კი ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. ავტორია 50-ზე მეტი წიგნისა. გამოქვეყნებული აქვს რომანი, ნოველები, ესეები, ლექსები.

1979 წელს გახდა შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. 1999 წელს მიანიჭეს საპატიო თბილისელის წოდება.

            შარშან, თავისი უკანასკნელი დაბადების დღე ტრაგიკულად დაუსრულდა. მისი 85 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ იუბილეზე გარდაიცვალა მისი მეგობარი მუხრან მაჭავარიანი. ამის მერე დიდხანს აღარ უცოცხლია და მალე, - ორმოცი ახალი გადახდილი იყო მუხრანისა, - 2010 წლის 8 ივლისს, თავადაც გარდაიცვალა თავის მშობლიურ სოფელში, ალბათ დარდით.

ადრეც ერთად ეწეოდნენ ქართველი პატრიოტის უმძიმეს ჭაპანს ფრიდონ ხალვაში და მუხრან მაჭავარიანი (სხვა მამულიშვილებთან ერთად) და ასეთმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ კიდევ უფრო დაახლოვა ისინი, ხოლო ქართველებისათვის უფრო მისტიკური გახადა მათი სახელები.

ორიოდე წლის წინ ბედნიერება მქონდა გემეცნო ბატონი ფრიდონი. რამდენიმე ადამიანთან ერთად ბატონ რეზო ჩხეიძეს ვახლდი ბათუმში მისი ახალი ფილმის წარდგენაზე. აჭარის მთავრობა, კულტურის სამინისტრო მასპინძლობდა გადამღებ ჯგუფს (მაშინ მინისტრი მათე ტაკიძე გახლდათ). ბათუმელებმა, აჭარლებმა ხომ ზღაპრული მასპინძლობა იციან. ჩავედით თუ არა, იმავე საღამოს ბატონი ფრიდონი, მისი ვაჟი ზაზა და ზაზას მეგობარი მსახიობები მოვიდნენ სასტუმროში, რეზო ჩხეიძის სანახავად.

ბატონი ფრიდონის ვაჟი და სხვები, რომლებმაც სასტუმროში მოგვაკითხეს, რეზო ჩხეიძის ყოფილი მოწაფეები არიან (შეხვედრას კიდევ სხვა, არა ერთი კარგი ქართველი ესწრებოდა). გაიმართა დაუვიწყარი საღამო. ვუყურებდი ორ შესანიშნავ, დიდებულ  ქართველ ხელოვანს, პოეტ ფრიდონ ხალვაშს და კინორეჟისორ რეზო ჩხეიძეს, მათ ერთმანეთისადმი პატივისცემას, სიყვარულს, უმცროსების მოწიწებას მოხუცი ხელოვანებისადმი და მიხაროდა, რომ ჩვენს ქვეყანას შესანიშნავი ტალანტებიც ჰყავს და მომავალიც დიდი ექნება. ყოველი სადღეგრძელო საქართველოს სიყვარული და ქება-დიდება იყო, ქართული კულტურის გამოვლინება.

გავიხსენოთ ფრიდონ ხალვაშის რამდენიმე დიდებული ლექსი.

ქართული ანბანი

 

ამბობს მეფე ფარნავაზი, -

წიგნსო ქართულს, ვეფეროთ,

აწ და მარად ეს ლამაზი

ანბანია მეფეო.

 

მტერმა მოსრა სრა-ტაძარნი,

ერთს კი ვეღარ შებედა, -

იქ ანბანი ნახანძრალი

ქართველს ესვა მეფედა.

ავდგებოდით, ვიომებდით

და შევძლებდით შეუძლებს,

და ანბანი ჭრილობებად

გვაჩნდებოდა სხეულზე.

ხან დაშლილა საქართველო -

კახურ-სამცხურ-მეგრულად...

მაგრამ ისევ საქართველო

ქართულ ენით შეკრულა.

დედა წიგნს ვერ ეზიარა, -

ჭირდა ჭირი დროისა,

მაგრამ წიგნი კერიასთან

მან შვილივით მოისვა.

წაღმა-უკუ ისტორიას

ვერვინ გასწი-გამოსწევს,

ბევრი განძი მიჰყოლია

საუკუნეთ ქაოსებს.

ეს კი - აზრი და სიმწიფე,

ჩვენი სისხლით დამბალი,

იყო ჩვენი სახელმწიფო,

ეს - ქართული ანბანი.

 

მშობლიური სახელები

 

რამდენ რამეს მეუბნება

მშობლიური სახელი,

ზოგი - ლხენით მეუფლება,

ზოგი - მძიმე ნაღველით,

ზოგი - ტკივილს ეწამლება,

ზოგიც - აჩენს ტკივილებს,

ჯადო-ქარი ეძალება

ოცნებათა გვირილებს,

აქანავებს, აქანავებს

მსუქან ფოთლებს რძიანებს,

ტოტი სარკმელს შემოაღებს,

შემაშინებს მძინარეს.

შემომიტანს მთების ხმაურს,

წყაროს სიცილს მხიარულს,

წისქვილების ხმას საამურს

კორდზე წვიმის სიარულს.

რამდენ რამეს მეუბნება

მშობლიური სახელი,

ზოგი - ლხენით მეუფლება,

ზოგი - ჩუმი ნაღველით.

ბილიკებით, შარაგზებით,

ზღვით, ჰაერით, ხმელეთით,

მიწავ ჩემო, ლამაზდები,

სიტყვავ ჩემო, მშვენდები.

თითქოს ყველა ჩრდილის რხევა

გზაზე, ხეზე, ნანგრევზე,

მალული რომ ახლავს ღელვა,

ჩვენ - პატრონებს დაგვეძებს.

მშობლიურო ადგილებო,

სახელებო მთა-ბართა,

ახლა ვიტყვი: ეს სიცოცხლე

თქვენს სიცოცხლეს ჩაბარდა.

 

რუსთაველის სახე

 

ჯვრის ტაძრის სვეტზე

 

თქვენ ალბათ გიკვირთ, ჯვრის ტაძრის ქვებო, -

თქვენ ხომ რუსთაველს პირადად შეხვდით,

იგი - ზეკაცი და ასე - ქვემოთ?!

პოეტი სხვათა წმინდანთა ფერხთით?!

 

თქვენ გეკითხებით მონასტრის ქვებო,

საფლავი დიდი და საგანგებო,

მარად ცოცხალის და არა მკვდარის,

ვიცი აქ არის, მაგრამ სად არის?!

 

მისი ხატის წინ ვარ, სანთელს ვანთებ,

სულს ძლიერ შია, გთხოვ სული კვებოთ,

რომ დაუბრუნდეს ქართველი ქართველს,

ძვირფასო ქვებო!

 

თქვენ საფერებო ლექსით და რითმით,

შოთას საფლავის და ტაძრის ქვებო,

მეწვოდეს სიტყვა აქ თქვენი წვითვე,

თქვენს ფერხთა ქვემო გინდა მტვრად ვეგო.

 

ქართველობა

 

რეზო ჩხეიძეს

 

როცა კვნესის გული, სულიც

და თვალები გეწვის ცრემლით,

როცა შველას გთხოვს მამული

დღევანდელი და ის, ძველიც,

როცა გიჭირს შინ და გარეთ

და ქვეყანა ჩვენი გოდებს,

ღმერთმა ნუ ქნას,

სადმე ქართველს

ქართველობა არ უნდოდეს.

 

თითქოს ვერ ხარ ის, ვინც იყავ

უარესობს დღე და წელი,

დაიწყევლი ბედს თუ იღბალს

სამშობლოს კი ვერ დაწყევლი.

სამყოფელი ბევრჯერ გვართვეს

გვიბუგავდნენ ტაძარს, ოდებს,

ღმერთმა ნუ ქნას,

სადმე ქართველს

ქართველობა არ უნდოდეს.

 

ობოლნი ვართ -

უთქვამს მწერალს,

გვიან ცხვება კვერი ობლის,

ჩვენი ენა არის რწმენა,

რელიგია ერთად ყოფნის.

მუსლიმ ძმების ვზიდავ დარდებს,

სიტყვა ართვინს თქმული მომდევს,

ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველს

ქართველობა არ უნდოდეს.

 

შენი შუბლი - ფიქრის კალო,

გული - ნატვრის ოკეანე,

ითხოვს: - ქვეყნის სუნთქვის

ქარო,

მომეფარე, მომეთბუნე.

საქართველო თუ სულ თან გდევს

შეცვლი დროსაც დაუნდობელს,

ღმერთმა ნუ ქნას,

სადმე ქართველს

ქართველობა არ უნდოდეს.

 

წუხელ მესიზმრა

 

წუხელ მესიზმრა, ვკვდებოდი,

შვილს ანდერძს ვეუბნებოდი,

ერთად ვხედავდი, რაიცა

წინათ ჩემ თვალწინ სულ იყო.

ჩიტი ფრთით მინიავებდა,

მზე დაბლა ჩამოსულიყო,

არც არაფერი მტკიოდა,

არც ლიბრი მეფარებოდა,

არც თვალი მეხუჭებოდა,

არც თავი მებრალებოდა.

ვგრძნობდი, შემეძლო მეყვირა:

- მაცალე, დღევ, არ დამოკლდე!

თან ვწუხდი - გლოვად შეყრილან,

უხერხულია, არ მოკვდე.

ასე ხათრით და ჭოჭმანით

სიცოცხლეს უნდა გავცლოდი,

ხალხს ვუცქეროდი, ვზომავდი

ხასიათს ჩემი კაცობის.

მტერს და მოყვარეს ვეწვოდი,

ტიროდა დიდიც, ბალღიცა...

წუხელ მესიზმრა, ვკვდებოდი,

იკვდილმა გამომაღვიძა.