"მარილებიო?
შვილის კუბო
მადგია ზურგზე."
ზინა სილომნიშვილი
"Больше некому стало делать
дырки в бумаге окон,
но как холодно в доме"
Тиё
ვუძღვნი ზინა სოლომნიშვილს
მზის დილეგები ციაგებს ქარში;
დედი, ლოცვები – ჯარი ალვათა.
ვულკანის სისხლში რომ მოვიხარშე,
ზეცამ ყანწებში მოიკალათა.
ჭროღა ლახტს - ჭალას ბეჭებზე აფლეთს
ენაჩლიფინა რუები სხეულს;
ღრუბლებს წაეცხოთ მზე, როგორც თაფლი;
ვახვავებ ხმელეთს ხოხვით დახეულს.
დედი, ხელის გულს გზები არ მიფეთქს!
ვილევი, როგორც ზრიალი ზამთრის.
მივებჯინები მიწის საფეთქელს;
ოჰ, დედაჩემო სხვა შვილს ვერ გაზრდი!
უღრანში ღელვით ნაღადრი ღამის;
და დახუნძლული დარევის დარდთა.
ღადარზე ვიღაც ღრიალით დამღვრის;
ჩრდილთა ჩეროებს ჩივილი ჩარჩათ.
მხრებით მივათრევ მთებს, როგორც გუთანს;
ზვირთებს კუზივით ზურგზე ვაზივარ.
გულს მზე ტორებით დოლივით უკრავს;
ყურძნის კი არა, ცრემლის ვაზი ვარ!
მზის დილეგები ციაგებს ქარში;
დედი, ლოცვები – ჯარი ალვათა.
ვულკანის სისხლში რომ მოვიხარშე,
ზეცამ ყანწებში მოიკალათა.