აი, ამ ქალაქში... ამ ქალაქში
ისე აჭერ ჩემს სხეულს ტერფებს,
თითქოს გინდა ისევ მოგერგო
ბავშვობაში აჩემებული ფეხსაცმელივით...
და ეს ქუჩები ტანს ისე მკაწრავს,
როგორც იაფფასიანი სასტუმროს
დაუშურებელი სიბეჯითით გახამებული ზეწრები.
აი ამ ქალაქში
შენი გემოდაკარგული ტუჩების
ხანდაზმული გაზაფხული
უადგილო ხუმრობას მაგონებს...
და როცა სხვაგანყოფნით დაღლილი სხეულის
შემოჯახუნებას ვიგრძნობ,
თავდაცვის ინსტიქტი
სუსხში ჩურჩხელასავით ამომავლებს,
ჩემი სხეულის მოძრაობის ტრაექტორია:
- მარცხნივ, კედლისკენ!
სიზმარში მაინც მომიპოვე
(მეც ხომ სიზმრის ოხშივარი ამდის)
? ? ?
და ამიტომაც,აღარ მეწვის ეს ქალაქი
და თანდათან,უნიჭოდ გაკორტნილი
ჩრდილდაკარგული ხეების ქვეშ
მოტკრციალე სიყალბეების
არდანახვა მეადვილება...
ამ ქალაქს სიყვარული ისე უქრება
თითქოს ქვიშა გაბნეოდეს თითებიდან...
და დამტვერილი თვალებით უკვირს,
ასე ჭრილობაზემარილმოყრილივით რომ ვყვირი
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ს.