Litclub.ge

სამი ფერი
წითელო, 
სად მიგაქვს ეგ თოთო სიცოცხლე!
ქვას გამობმული ვარდისფერი 
რატომ არ ტირის,
როცა შენი ხელი ეხება. 
ან წყალი რატომ არ დაიშრობს
უფსკრულის სიღრმეს,
ან მიწა რატომ არ დაიდნობს
შუბლზე შენი ხორცის სიმძიმეს; 
წყალში არა, სისხლში ეშვები.

ფერი დაგექცა! -
სადღა მიგაქვს ასეთი სული!
რომელი სივრცის ჯოჯოხეთში.
რომელი კვერი გამოცხვება
შენი ხორცის დასაპურებლად,
რომელი ჭია ამოგიჭამს
სულის სიშიშვლეს.

ვერსად დამალავ ხელისგულებს,
ვერ გადარეცხავ 
მუხლებზე დგომით, ხეზე ასვლით,
მიწაზე შენი სულის გადასხმით.
სიკვდილი სულ სხვა მხარესაა,
ვერ მოატყუებ,
სიტყვებით პირს ვერ ამოუწვავ -
თავად სიტყვაა.

სინდისი - კვესი,
ტვინი - აბედი.
ნაკვერჩხალზე სულის შებერვა.
განაჩენი!
-არ დაგავიწყდეს!