მერიენ სულაბერიძეს
ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...
მერე მიდი და, თითო ფურცელი
ცაში აპნიე ვარსკვლავცვენებად...
შენს გამოხედვას თუ გავუძელი
მწველი თვალების უხმო ჩვენებას
დაგკითხავ მერე, ვისი ბრალია,
(ცის გუმბათზე რომ ავა მზე-მაშინ)
ღიმილს რომ მიცვლი თორმეტბალიან
თორმეტბალიან გულისცემაში....
ამინდი შენი ხასიათია,
მზეს შენთან ერთად უყვარს ანთება
შენი ბრალია, ყოველ განთიადს
მთვარეს ჩასვლა რომ აგვიანდება.
ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი ოცნებებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...