Litclub.ge

ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან
(ეძღვნება ბარათაშვილის ხიდის მოაჯირზე ასულ, 
სუიციდით შეპყრობილ, ნათიას, 
რომელიც სიკვდილმა გადაიფიქრა!)


გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან,
დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები!
ქალი - 
მოვარდნილი ღვარი მდინარიდან.
კაცი - 
წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების...

მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია,
ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც)
კაცი - 
გაცრეცილი ლექსის რვეულია,
ქალი -
ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება.

ჭიამაიების ერთი ოცეული 
ამინდს გავუცვალეთ, ჰოდა დღესდარია,
ქალი 
ყვავილია ნორჩი - ბროწეულის,
კაცი? 
კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია,

ფუტკრის, ყვავილებს რომ გულში ჩარჩენიათ,
გული სიყვარულით როცა დაიმტვერა,
ქალი 
შენია და თითქოს არც შენია, 
კაცი 
გპატიობს და თითქოს, მაინც ვერა!

უკვე აფრინდი და მეცხრე ცას მიტოპავ,
მზერა დამფრთხალია, როგორც მეხში - შველი
კაცი 
წვიმა არის
ქალი -
წყალდიდობა!..
შენსკენ მეც მოვტოპავ ღრმად და ... ფეხშიშველი - 

მთვარე შენს ნაწნავში ვერ გამოეტია,
ცისკენ მიგაქანებს ფიქრთა ნიაღვარი,
კაცი ყოველთვის და ყველგან პოეტია
თუკი გაუგებს და თავსაც შეაყვარებს

ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან,
ტალღას აქაფებულს ჩემკენ მოაჯირი-
თებდა, თებერვალი იდგა ვინაიდან
კადრში გაიყინეთ შენ და მოაჯირი!