თუ დამიჯერებ
(უნდობლობის საბაბი არ გაქვს),
თუ დამიჯერებ, მოვკვდი, ანდა,
მომჭრეს ფესვებთან,
მოვკვდი, და ასე დავატარებ ყვავილებს,
რადგან
ვეღარ დადიან,-
მოეკვეთათ თეთრი ფეხები.
ვიგონებ მიზეზს,-
ყოველ დილით ისევ ადგომის,
ვიგონებ მიზეზს (დამიჯერე),
რომ მოგიგონო;
ალილუია მოგაძახო,-
ქრისტეს აღდგომა
მოგახარო და, მოგეფერო,-
რამე ვიღონო.
მონატრებიდან.
ქალაქებზე გავლით.
შეხებით.
სიტყვებით.
თავის დაკარგვამდე.
ადელ ჰიუგოს
გაფრენილ სულზე შეახოცეს
ერთხელ ფეხები...
და მერე, ჭკვიან ფსიქიატრებს
ასე მიუგო:
გთხოვთ, სურათები მომიტანეთ, მისი,
მუსიე...
მე დავატარებ ყვავილებს და,
მექალაქიდან
შენქალაქამდე
გადავდივარ ტყეებს-უსიერს,
გვალვებია და,
მიჭკნებიან ასე, რად გინდა.
თუ დამიჯერებ,-ერთად ვცხოვრობთ
(უხმოდ ჩავსახლდი).
დილა ღამემდე შენიანად,
ღამე-დილამდე.
გწერ ჟამკარ-თავგზაარეული,
ვყვირი სახალხოდ:
ძირები მაინც დამისველე,
თავს ვერ ვიმაგრებ!