ჩემს უსაყვარლეს იღუმენია იოანას
მოვედი, დედაო,
მხდალი და ფერმკრთალი,
მიწის ღონიერმა მეწყერმა წამიღო...
ბავშვივით წრფელი ვარ და მაინც ვერაგი,
თქვენ უნდა გამიგოთ!
ვევნები... ღიმილს კი ვერაფრით ვივიწყებ,
მაგიჟებს აპრილის საღამოს სუნთქვა,
ტალანდოს რაკუნში მაცხოვარს ვუღიმი,
იქნებ, მიშველოთ და
გამიგოთ უნდა!
გაზაფხულს მოვყევი კაბების ფრიალით,
გზა და გზა დაღვრილი აპრილი ვაგროვე,
მინდვრის ყვავილებით ოცნება შევკონე
და ისიც მაცხოვრის ფეხებთან დავტოვე...
ჩემს სულს რა ვუთხარი,
დედაო, გული კი
საშინლად ლამაზი ცოდვისთვის მაქეზებს!
თქვენს ძაძებს ვემთხვევი
და ხელებს გიკოცნით!
უნდა მაპატიოთ, დედაო!
გაგენდეთ...