ერთხელ უნდა სახვეჭ მარჯნებს
შეაქციო ზურგი მარჯვედ
და პირისპირ სულთან დარჩე...
და ცა სვა და მიწა ჭამო,
ვიდრე წახვალ სამუდამოდ!
ერთხელ უნდა ნატვრის ყვავილს
მოაშორო მზერა კრავის
და აფრებით მორთო ნავი
და მოისხა ხსოვნა ამო,
ვიდრე წახვალ სამუდამოდ!
ერთხელ უნდა სთხოვო ციერს _
გაგიშალოს ფრთები ძლიერ,
ბოძებული თავის მიერ
და იცინო მოსვლის გამო,
ვიდრე წახვალ სამუდამოდ!
და არ უნდა დარჩეს არსად
აქ რამეზე შენი არზა,
რომ დასწყვიტო გული ქარსაც,
თვალი თოვლსაც დაუნამო
და წახვიდე სამუდამოდ!