Litclub.ge

გულწითელა
მეშვიდე, მერვე თუ მეათე კვირა მიდის –
მირჩევენ აგებას ტკივილთა პირამიდის...
არ ვიცი, რა უნდათ მეგობრებს, ნათესავებს,
ტკივილი მე რატომ მოვივლო ბადესავით! –
ტკივილთა სავანე მე რატომ ავაშენო
და ჩემკენ რად მოდის ლაშქარი სამაშველო?! –
მოდიან, მიყრიან რიყის ქვას, აგურ-ცემენტს,
თითქოსდა, სხვა დროის წიაღში მაფუძნებენ...
და ხელებს სუყველა საშველად აფათურებს:
ვინ ფიცრებს მომიტანს, ვინ კიდე – არმატურებს,
ვინ – კირს და ვინ – ძელებს, ასევე დანარჩენებს,
ყველაფერს, ლურსმნებს კი, რატომღცა არ აჩენენ...
ჩემში კი – ფეთქავენ მოცხრები, ცირცელები
და მაინც ჰგონიათ, იოლად ვიცელები...
იციან, რომ დღემდე სასთუმლად ლირა მიდევს
და გულით ვატარებ მელნისფერ პირამიდებს...
სიკვდილშიც გავავლე ხაზები ნაზი სულის
და მკერდი მომიჩანს დაისრულ-დასისხლული.
მაინც შენ გახდიო სიამის მწირავი და
მაინც შენ დადგიო ტკივილთა პირამიდა
და ჩვენგან გელისო უფლება საკუთრების!
და საშენ მასალებს მიყრიან გამუდმებით –
ყველაფერ საჭიროს, თოვლივით, მითოვებენ,
ლურსმნებს კი, რომელღაც დღისათვის იტოვებენ...
და ასე მიდიან დღეები, კვირები და 
ჯერ კიდევ ვიღვრები გრძნობათა სტვირებიდან
და ჯერაც ვცახცახებ მუსიკად უწინდელად,
გულიდან სისხლი მდის – ჩიტი ვარ გულწითელა!