მთას მივაღწიე წვალებით
ვკრიფე და ვკრიფე შალშავი
ფერი მაგ შავი თვალების
ეშხიანი და შავშავი
გზები დავლახე იმდენი,
აღმართ-დაღმართი ცერ-ცერა,
მაგ ტუცებივით წითელი
ვკრიფე და ვკოცნე კეწერა.
სევდის წიგნს ყდები შევხიე,
ვნახე ყინულნი დნებიან
დეკის ყვავილებს ვემთხვიე
შენსავით ცივს და ვნებიანს
სული სილაღეს მილანდავს
შორეულსა და უცნობელს,
ქარაფებს მკერდი მივადე
შენი გულივით უგრძნობელს
გზა ჩანჩქერისკენ გავლიე
მივაბიჯებდი ჩქარ-ჩქარა
და მერე წყაროც დავლიე
შენი სულივით ანკარა.