Litclub.ge

სულით წარმართებს
თვალზე მცოცავი დავხიე ლიბრი,
დემონი იჯდა დილით ქალაქზე,
გულს მომწყვდეული იწვოდა ფიქრი,
ფიქრი შეზრდილი ხავსად ქალაზე.

შუბლი გაჩეხილა, ქართული შუბლი,
ტვინი ალეწილა მღვრიე ვიტრაჟებად,
ფეხებს ამოგლიჯეს ფოლადის მუხლი,
ღამე დაიფანტა სიძვის ალქაჯებად

თევზებს მარილით უვსეს ლაყუჩები,
კლდეებზე ჯიხვებს უმტვრიეს რქები,
დედა პოეზიავ, შენ ნუ გაყუჩდები,
ზევით აზიდე, აფრინე ფრთები.

ფანჯრებს მიეკრო ნისლის ნაცარი,
ჩემს სარეცელზე დუმილი ყრუა,
გუშინ დაიწვა ლომმა ფაფარი,
ცაზე დავკიდოთ დროშები, დროა

ბაწრები ქრიან მტვრიან ქუჩებში,
კვლავ აკვნებივით არწევენ ნეშტებს
და გაუბიათ ლექსი ურემში,
ვიღაცა მუნჯი მათრახებს უშენს

და ყველა პოეტს, ჭეშმარიტ კალამს
ზურგი ვეფხვივით ჭრელი აქვს სისხლით,
მაგრამ ჩვენ გვაძლევს მხურვალე სალამს,
ეს პოეზია ფარული ნისლით.

ვისაც მეფობა არგუნა რჯულმა,
ვისი ხვედრიც არს მანტია, სკიპტრა,
ბევრმა ნაძარცვმა ჩაკლულმა სულმა,
უნდა დანაცროს, მე ბედმა მითხრა.

ესროლოს გესლის შვიდი ისარი,
მაგრამ მეფური ფარი სულ სხვაა,
არა წარმართთა თხელი ფიცარი,
სამშობლოს მიწა, ზეცა და ზღვაა

მე სულში ვიცი, რომ ახალ ნიღბებს
სახეზე იდნობენ კვლავ წარმართები,
ყოველდღე ჩვენს წინ ფერად-ფერადი,
იშლება ჭრელი მასკარადები

მზიან ტოლჩებში აელვებულა,
იმედის სხივი, სულთა დევებო,
ჟამი ახალი ნადირობისა აღელვებულა,
ფხიზლად, ვეფხვებო!

და ქართულ სიტყვას მოდით, ვუშენოთ,
მძლავრი ქვიტკირის ქვის ქონგურები,
არ ძალმიძს, ლექსო, რა ვქნა უშენოდ,
ვატირო რითმის ეს ჩონგურები.

და მოდით ვლეწოთ ბნელი ტაძრები,
ჩვენს პოეზიას დავუდგათ ტახტი,
კვამლით, ცხედრებით ზეცა ნავსები,
გავწმინდოთ სულით, ავზიდოთ ხატით.

მეფე დაეცა თითქოს უძლური 
და ვეზირები ლესავდნენ საკლავს,
ჩვენო ხელმწიფევ, არ გაქვს უფლება,
მინებდე ჭიან მშობლიურ საფლავს.

თვალზე მცოცავი დავხიე ლიბრი,
დემონი იჯდა დილით ქალაქზე,
გულს მომწყვდეული იწვოდა ფიქრი,
ფიქრი შეზრდილი ხავსად ქალაზე. 

5.02.2003