Litclub.ge

სველი ბალადა
მტვრიანი წყალი, ნაფოტი, ბოდვა
და ბოლო სიმი გაწყვეტილ ჰანგთა
ამადეუსი გუშინწინ მოკვდა,
სული, რომელსაც ეძინა ჩანგთან.

ორღანი, ბრმა და პოლიფონია
გამები ძარღვთა მსერავი ხმლებით,
ბუმბერაზ საფლავთ წევს მაგნოლია;
თვისი ფაქიზი ჭაობის ფრთებით.

სულთა მღვიმეებს აკლდათ კანტატა
ლექსის ქსოვილში სიტყვის ნეკნები
გუშინ დავწერე სველი ბალადა,
მელანქოლიის ძველი მერქნებით.

გრუხუნი, ელვა, მძიმე ბელტები,
დღეს ალიონი კვლავ ძუ მგელია,
სამარეებზე დგანან კელტები,
სულის ტაძარში სთვლემს ოფელია.

პლანეტის ტახტზე ზის არიელი
კონტინენტები უწყვია მუხლზე
აღსდგა ყოველი კავკასიელი,
სინდისის ძარღვი უელავს შუბლზე.

და სთვლემდა თალხი გალაქტიკაზე,
რაღაცა ჰგვრიდა სიზმარში ღიმილს,
ყინული გალღვა ანტარქტიდაზე
გული ამეწვა, ვით ლამპრის ფითილს.

და ჩვენი სულნი შეშად აწყვია,
თვით ეკვატორის ცეცხლის განედზე
და დღეს ხომ კვართად ომი გვაცვია
პლანეტას აწვიმს სისხლი მალებზე.

ოცნების გუთნებს, პოეტებს, წუთებს
კვლავ გველანდება აუსტერლიცი,
სულის ხერხემლით მოტეხილთ, მრუდებს
აუმხედრდება მოკვდავთა ფიცი:

“რომ სიკვდილშია ჭეშმარიტება,
მყრალი თევზივით გავყვეთ დინებას,
ყოფის ხვედრია ხავსთან ჭიდილი,
ქვირითად ცოდვის გადმოდინება.”

მოვიდა წვიმა ზართა დინ-დონი,
სამარე მიწად კვლავ გაპარულა,
გათენებულა თურმე დიდგორი,
ველად გაშლილა გმირთა მარულა.

მე ჰორიზონტზე მზემ შემაჩერა,
რად იპარები, პოეტო, რათა?
იმ დღეს ჩონგური ტიროდა ჩელას,
წარსულთ სულების ვიდექით კართან

გუშინ სიზმარში შევხვდი მოციქულს,
წიგნი ხელთ ეპყრა ნათელი მზითა,
და სიტყვის ჰანგით თითქოს გარინდულს,
სახე მომბანა რითმების წყლითა.

ზეცა დავბერტყე და ვარსკვლავები,
მწიფე ვაშლივით ეკვეთნენ მიწას,
გადავისერე ცრემლით მკლავები,
მე თვით ლექსი ვარ, ლექსი ვარ, ვფიცავ

ხვალ ვატერლოო? იქნებ მარაბდა
სივრცე მშრალია, დევებო, მშრალი
ჯვართ აცვეს ქრისტე, დარჩა ბარაბა
გრაალთ სისხლია, წმინდანთა ჟღალი

სულთა მღვიმეებს აკლდა კანტატა,
ლექსის ქსოვილში სიტყვის ნეკნები,
მე დამისველდა გუშინ ბალადა,
ცრემლის ხის ტკბილი, თეთრი მერქნებით.

29.03.2003
თბილისი