“უკვდავება მხოლოდ ისეთ ადამიანს დაუმკვიდრებია ამქვეყნად, ვინც ცოცხალი ზიარებია სიკვდილს.
გზა უკვდავებისკენ მიმავალი, ყოველთვის სიკვდილის არკის ქვეშ გაივლის.”
კონსტანტინე გამსახურდია
ღამემ დაჭამა ჩემი კედლები,
ჩემს სარეცელთან სვეტი თრთის თითქოს
იდუმალებავ, ისევ ბნელდები
და შენი სუნთქვა ჩვენს სულებს იწოვს.
ტბაზე დაიმსხვრა დილით მზის ჭაღი
და ნათურები დალეწა მკლავზე
ზეცას მოენგრა მერცხალთა თაღი
სიცოცხლე დუმდა ხარონის ნავზე
ძველი ზარებით მევსება სმენა
გლობუსზე დნება ნაზად საათი,
მე გველებისგან მოვისხი კბენა,
ალიონისგან ტანჯვის საარი
ვურდალაკები ისხდნენ საფლავზე
ცხედრებს ქარგავდნენ ბროლის ეშვებით
წვერი ჩამოტყდა ჟამთა ფარგალზე
მორევს ჩავყევით ხმელი პეშვებით
სასუფეველმა კარი ჩარაზა,
არც ჯოჯოხეთი ხსნიდა ალაყაფს
ამონგრეული ყეფდა შარა-გზა,
რომელსაც ყოფა გუთნით დანაყავს
დრო ცოცავს გონგით სახურავებზე
ცრემლით გვევსება გულის ჭიქები,
მიცვალებული იდგა ოთახში
და ჩურჩულებდნენ ლურჯი ჭინკები
შიშმა დამასო ათასი დანა,
ყინვის ათასი ვერცხლის კინჟალი,
ღრუბლებს შევუდგეთ ბეჭებით მანამ,
სანამ დაღვრილა სხივები ჟღალი
შემოპარულან ჩემი სარკმლიდან,
სიკვდილის შავი სეკუნდანტები
და ამოჭამეს ღამე ბარკლიდან
თუთარჩელების თეთრი ძარღვები
ქალაქის ფსკერზე ლოქოსავით ეძინა მთვარეს
და წუმპეები შლეგებივით კიოდნენ მაშინ,
ჩვენ მანძილები ამოგვხადეს, გზიდან მოგვპარეს
და გააცილეს აკლდამებში მდუღარე ტაშით
სიტყვები ისევ დაეწყვნენ ჯარად,
ფანტაზიებში თხარეს გვირაბნი
აწმყო გაიჭრა კუბოში კარად
და საფლავებზე სთვლემენ მიხაკნი
სამჯერ ლულიდან მიმზერდა ტყვია,
ლექსის საფანტით გამოტენილი
და სიყვარული დაბრუნდა გვიან,
ძილგატეხილი ფრთიდან შთენილი.
მე ვესაუბრე წუხელ აჩრდილებს
და ჩვენ დილამდე ცრემლით ვლოთობდით
ანარეკლებში სულით გაჩრილებს
დილა გველოდა, დილით ვომობდით
ტყეში შეგვასწრო ნისლმა ტურებით,
მიწამ დაიწყო კვამლების ცოხვნა,
ანტარქტიდაზე დადგა ურემი,
მასში შეება უდრეკი გლოვა
ზარები რეკდნენ ტაძრების, შლეგნი
სიონი მედგრად ებრძოდნენ უკუნს,
მტკვარში ცურავდა ყვითელი ჭლექი,
ღამე მოჰგავდა მუხანათ ბრუტუსს.
ბნელმა დაჭამა ჩემი კედლები,
ოთახში იდგა მიცვალებული,
მე მის თვალებში სარკეებს ვჭვრეტდი,
ხარონის ნავით დაქანებული.
17.03.2003