Litclub.ge

ნუ დაღონდები...
ნუ დაღონდები, სიმსუბუქევ გალაქტიკისა
მარგალიტები და გიშრები, ნუ დაღონდები
ჩემო გრიგალო, ქარტეხილო ანტარქტიდისა,
სიზმრის კვამლებში გახვეული მოგაგონდები.

მზის ოხშივარი ამორბოდა შენი სახიდან,
თეთრი მკლავები და განთიადის დიდი ბელტები,
ამოინგრევა მსუსხავი რბენა შენი კანიდან,
ნუ განელდები.

ძილის ძარღვები მოწყვეტილან ამ ჩემს სარეცელს
და ბჟუტავს ნაზად მაგიდაზე მწვანე ნათურა,
ყოველ თვლემაზე ის ჩემს შორის მანძილს დაეძებს
დაეძებს ტოტებს მისაქსოვად, როგორც ბეღურა

რეკავს ყურმილი და ცივდება ეს მარტოობა,
ცივდება შიში ნაცოდვილარი, ლურჯი შელფებით,
ვიღაცამ ნოტი ამ გამაში კვლავ გამოტოვა
და ის კლავიში დაიფარა სანთლის შხეფებით.

და ვით ნოტრ-დამი ებრძოლება ღამეთა ნისლებს
მერე კი ჰპოვებს ნარინჯისფერ გამოღვიძებას,
არ დაგვიანდე გალათეა, ნუ დაიძინებ,
აცალე ცოდვილს, მოლანდებას გაეღვიძება.

ნუ დაღონდები, გემები მოწყდა, მოწყდა ნაპირებს,
და გაიცეკვა ოკეანემ თავის ტალღებზე,
ნუღარ დაბურავ სველი ლიბრებით ამ მარგალიტებს
ირწევა სევდა და მშვიდდება ხისფერ აკვნებზე.

ჩემი კალმები დაიტირებს გარდასულ დღეებს
და მანძილებში კვლავ გავორდები
მთვარე მიცოცავს ჭადრების კანზე და მოსავს ტყეებს
გთხოვ, გალათეა, ნუ დაღონდები!

2.01.2003
თბილისი