Litclub.ge

ჩემს სოფლელებს - სიყვარულით
ლეღვზე ვაშლის ყვავილი, ვაშლზე ლეღვის კობერი,
თქარში თითქვი ბალახი და შხვერთები ჟღვერა,
ნენევ, - ჩემი სოფელი... ბალღი ფეხშიშველა.
ვსუნთქავ ქარით მობერილ, ვყნოსავ წვიმით მოფენილ
პანტა პიტნის ყვავილებს, ფოთლებსა და ჩალას,
ნენევ, ჩემი სოფელი... ძაღლი კუდჯონჯალა!
კეხზე გადაკიდული ხორხოშელა ხურჯინი,
ყურმოქარგულ ლეჩაქში გაკოჭილი ძღვენი,
ნენევ, ჩემი სოფელი... სამჭედლოსთან ცხენი.
კორდზე კლერტას კვირტები, დაბეჟილი ქუსლები,
კოჭზე სველი ბაწარი და წვივებზე წკნელა,
ნენი, ჩემი სოფელი... ყველი ერთი წველა!
ნალიასთან ფიჩხები, ირგვლივ ფქვილის სურნელი,
გობზე ცომის ტყაპუნი და მდუღარის თქეში,
ნენევ, ჩემი სოფელი... ნაცრიკვერით ხელში!
მღვრიე ღურღუმალებში გაჩხერილა ლოქო,
ნენევ, ჩემი სოფელი... თორთქოშელა გოგო!
წიფლისძირის ძირკვებზე დაფენილი კატრები,
ალიაღის ტყვილები, დემურალის ხრინწი,
დიდი ნენეს ხათრები,
პაწა ნენეს მადლები,
ყველაფერი ჩემშია, ბრიალებს და იწვის...
ვეფერები ქვეყანას ბალღი ნამტირალევი,
ჩემი წმინდა სლუკუნი გაიგონოს ყველამ,
ვივლი ამ ტლუ ბილიკებს ნამიანი თვალებით,
ნენევ, ჩემი სოფელი...
ბალღი ფეხშიშველა!