წუხელ სიზმარეთში ბებერ ალავერდთან,
ხალხის სახელი და სახე,
მზეთა პოეზიის ერთი მამაღმერთი
ორი რუსთაველი ვნახე.
უცებ... სპა მოსდგამდა დაფს და ნაღარასა
სრულიად სააქაოს მხრიდან,
ერთგან ტახტს მითმობდა ბრძენი როსტევანი,
ერთგან ტახტის გამო მღრღნიდა.
უცებ საქართველო უფრო დიდი იყო,
მაგრამ იმდენადვე მცირე,
ერთგან ვეფხვს კოცნიდა შმაგი ტარიელი,
ერთგან მიდენიდა ვირებს.
უცებ... საქართველო უფრო უხვი იყო,
მაგრამ იმდენადვე ხარბი,
ერთგან ავთანდილი ხელჭუჭყს მიღნაოდა,
ერთგან ამღერებდა ბარბითს.
უცებ... საქართველო უფრო მეტი იყო
და მამაძაღლობაც მეტი,
სულ ფეხზე ეკიდა მულღაზანზაროელს,
შენი გულანშაროს ბედი.
აღარც უცხო მოყმის ძებნა რაინდული,
აღარც ცხრა მთას იქით წასვლა,
ფატმანს უღრიჯოდა შენი ავთანდილი
ქაჯთა დაცალეწვის ნაცვლად.
მტერი მოდიოდა... მტერი მიდიოდა
ყოვლით და ტოველი მხრიდან,
იგი, მეორე შოთა რუსთაველი,
პირველს ძიძგნიდა და თხრიდა.
უცებ გამეღვიძა... შიშის სასთუმალზე
ცრემლის ცხელი კონა დავდე,
ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთმა
საქართველოს
ორი რუსთაველი ჰყავდეს.