Litclub.ge

ხატიმამული
ხალა!... ეს ჩემი ხატიმამული,
ლოდზე ჯვარი და მზე,
გზებზე ატმების აბდგიალება
კვირტში ჩიტების რძე.
ვენახის ბური და მხურვალება
გადაბუგული მთებს,
ჩემი წინაპრის ცხელი თვალებით
გამგელებული მდევს.
კლდეებზე ლღვება მღვრიე ჯაჭვები
კორდებს სიმწვანე სწვავს
და გულფოთოლას ციცქნა ჭაჭვები
მე მიგროვებენ ცას.
ქარის საქროლის ლურჯი კლდეკარი,
ბალღურ სიწმინდეს მთხოვს,
ქუსლში ამ ღელის ღვივის ეკალი,
სულში ვაშლები თოვს.
იქ, საფორჩხელას ჩონჩხლო ჯაგებში
ხვართქლი ხვართქალებს სულ,
გულს გადავარდნილს სიყრმის ბანგებში
ჩემთან მორბენა სურს...
მაგრამ შორია... ო რა შორია
ის გულიცა და დღეც,
მაინც, შენს იქით არ მიცხოვრია,
ჩემო სურნალას ტყევ.
რა დრო გასულა... მაინც იმ დღეთა
მნათლავს წმინდანი ცა,
თავი მეხუთე კლასში მგონია
და ერთ შავრახტას ვჭამ.
მემედ ბატონის თბილი თითები
ყურებს მაღლეტენ კვლავ,
ახლაც ალგებრის გაკვეთილი მაქვს 
და უნიჭობა მკლავს!
ლაშეს ღელეში ისევ ნისლია
და გამოფრენა მზის,
სადალაქოსთან ხუსნი ბიძია
ისევ ისეთი ზის.
კახიძეების მჭახე ვაშლები 
ისევ მკვეთავენ კბილს,
ვიხსენებ ცრემლით და გაბავშვებით
ტკბილს, მწარესა და ტკბილს.
ოჰ, თქვენთან დარჩა ჩემი ბავშვობა
სულ პირტიტველი წლის
და, სამუდამოდ გადადებული
ბოლო გამოცდა ძმის.
მემედ ბატონის თეთრო თითებო,
მომიალერსეთ კვლავ,
ახლაც ალგებრის გაკვეთილი მაქვს
და უნიჭობა მკლავს.