Litclub.ge

ადამი
I

ევა ჩემშია. მე ადამი ვარ.
მე დამაძინეს ღმერთის მახლობლად
და დამასიზმრეს ევა და მინდა
ისევ ვიგემო, ტანთ რომ მათბობდა
ისეთი სიცოცხლე, ისეთი, ისეთი,
როგორიც მქონდა, ადრე, სულ ადრე,
როცა კი გავჩნდი, მიზეზთა მიზეზით 
და როცა ლილეს ცოლობაც ვკადრე,

II

და რომ დამთანხმდა და რომ გამომყვა
და რომ მიყვარდა და აღარ ვიცი
და აღარ მახსოვს დღეს ვის გამო ვარ
მთელს სამყაროში სიკვდილის ფიცით
ისევ ცოცხალი, ისევ მჯდომარე,
ბაღის ნაპირას, მდინარის ახლოს
და მომლოდინე, სიზმრით მთოვარეს,
როდის მექნება სულსაც რომ ათბობს

III

ისეთი ხვედრი, რომ დავივიწყო
ლილე თუ ევა, კრთომა თუ შიში,
ქარიც ნაბიჯებს ჩრდილივით მიწყობს
მე ადამი ვარ, ჩემსას არ ვიშლი,
ჩვევას თუ სურვილს, მინდა და მორჩა,
ასეთი გავჩნდი, ნებით ან განგებ,
სადაც მე ვცხოვრობ წმინდა ცა მოჩანს
და ყოველდილით ღრუბლებით ვაღებ,

IV

მთელს სამყაროებს, უთვალავს, ხან ერთს,
ევა ჩემშია, ლილე კი წავიდა
უკუნეთ მხარეს, მეორე მხარეს
ჩემზე ნაწყენი, ან იმ წამიდან,
როცა მაჩუქეს მე თავი მისი
და აღარ მახსოვს სიზმრად თუ ცხადად,
მაგრამ მიყვარდა მთენთავი ნისლით
ბგერები, ფერები, შვიდი ან ცხრა და

V

ევას კი მოაქვს რაღაცა ხილი,
ხილია მართლა? თუ არის კოცნა?
და მე ვიგემე და მე გავიგე
და არ მჭირდება ჯდომა და მოცდა
და უკვდავებაც აღარ მჭირდება,
მე ვამჯობინე საგნების ცნობა,
საგნების შინაარსს, ამბების შინაარსს,
სამყაროს შინაარსს ვიგებ და მორჩა,

VI

დავტოვე სახლი, სიზმარი დავტოვე,
მაგრამ გავიგე თურმე რა ხდება,
ან როგორ ხდება, ახლა მარტო მე
მარტო მე დავრჩი, ძე გავხდი, ევა
ცხოვრებას ნიშნავს, ლილე კი არ ჩანს
და აღარ მოჩანს აქედან ბაღიც,
სამაგიეროდ სამოთხის ნარჩენს
თან დავატარებ, მიწასაც დავღლი,

VII

ჩემი ნაბიჯით, ქარიც ხომ ფეხს მიწყობს,
ჩრდილებთან ერთად, ჩემს ცოლთან ერთად
ყოველი დღე უნდა თავიდან დავიწყო,
წილნაყარი ვარ მიწასთან, ღმერთთან,
მახსოვს არ მახსოვს, ლილიტი ევამდე
პირველი ცოლი, ლილე ან ლილიტ
გუშინდელ ვარსკვლავზე მივითვლი დღევანდელს,
უამრავ ვარსკვლავებს ღამით ან დილით,

VIII

შვილებად მივიჩნევ, აქვე დავსახლდით,
თითქოს მარტონი, ამხელა მიწაზე,
თითქოს ვარ ათასიც, მილიონიც ვარ,
რწმენა ჯერ დავკარგე, მერე კვლავ ვიწამე
და დავაკვირდი და შევიცანი
კაციც და ქალიც, ფრინველიც, ცხოველიც,
ყოველი არსით, ვეტკბილე, ვემწარე,
სახელი ვარქვი და მაინც რომელი

IX

რომელი ერთი, რომელი ერთი,
გამიგებს დღეიდან, რატომ, ჰო რატომ,
რატომ ვარჩიე მტვერი, ცას ერთვის
მარტომ ამქვეყნად, მარტომ? ჰო მარტომ,
მოვისიცოცხლე იმედი, ნატვრა,
ჰაერზე ვიარე, წყალზე დავწექი,
მერე მომინდა კლდეების დაძვრა
და ცეცხლზე დგომა, სიტყვებს დავწერ, კი –

X

ევა ჩემშია. მე ადამი ვარ. 
მე დამაძინეს ღმერთის მახლობლად
და დამასიზმრეს ევა და მინდა
ისევ ვიგემო, ტანთ რომ მათბობდა
ისეთი სიცოცხლე, ისეთი, ისეთი,
როგორიც მქონდა ადრე, სულ ადრე,
როცა კი გავჩნდი, მიზეზთა მიზეზით
და უკვდავებას უარი ვკადრე.