Litclub.ge

ისეთს რას გეტყვი შენ...
ისეთს რას გეტყვი შენ, რომ არ იცოდე,
ან რაღად გინდა სხვა რამის ცოდნა,
ისმენ ხმას სეტყვის, ალბათ იმ დრომდე
სანამ ხარ წმინდა, ზვარაკიც ცოცხალს
მიაგავს მსხვერპლად შეწირვის შემდეგ
და თავდაყირა ღრუბლები წვანან,
ღრუბელი გახდა სამოთხის მეკვლე
და მწვერვალებზეც სვანური ნანა
დაუსრულებლად თოვლებს მიიფენს,
ზაფხულობით კი მიიფენს სევდას,
ხმაურს სუყველა ბგერა, იისფერს
ადებს ყვავილს და პასუხი ეთქვას
ნეტავ კარნახით, იმ სიმაღლიდან,
სამ სიკვდილს იტევს ერთი სიცოცხლე,
როგორც კალმახი ზემოთ ავიდა
თან აგიყვანდი, მე რომ ვიცოდე
სად გინდა ყოფნა, ჩემთან თუ სხვაგან
ღმერთს სხვა სავანე არც კი უშვია
და გაუვიდა სიკვდილსაც ვადა,
სულს იგულებდა, სული გულში აქვს
ყველა არსებას, ყველა სახებას,
მე ალბათ ზოგჯერ გიჟი გგონივარ,
რადგან ის მხარე სულ მეზრახება,
ხან უაზროდ და ხანაც გონივრად,
ღამე სინათლედ დამეღიმები
რამე ამბებით თუ გული დამწყდა,
თითქოს პერანგზე ამწყდა ღილებიც
და ოთხი მხარე შეიკრა სამ ცად
და ტკივილებიც მკბენენ ორმხრივაც
და აქამდე რომ ვითმენდი რამდენს
და სხვა ქვეყანა როცა მომხიბლავს
და საქართველოც რომ წაიყალბებს,
რომ წაიმღერებს თავის ნაბოდვარს
მრცხვენია, ყროლიც ზემოთ ავიდა,
მაგრამ შენი ხმა, მაინც რას მოჰგავს,
ნუთუ ვარსკვლავებს, იმ სიმაღლიდან.