Litclub.ge

კოცნა
თავი გავხადე სიცოცხლის ღირსი,
ალბათ ვგიჟდები, როგორ მომწონხარ,
სიბნელის შიში დავძლიე, ვიცი
უკვე ჩემთან ხარ კოცნის უცხო ხმად,

ქარმა აშიშვლა სიმინდის ტარო,
სიზმართა ვერცხლი და ოქროს წვიმაც,
ის ფრთხილი კოცნა რას შევადარო,
ის ფრთხილი კოცნა წყარომდე მივა

და წყაროც ივლის, ივლის მდინარედ
მდინარეც ივლის ძვირფას თვლებითვე,
ზაფხულის სევდა, ივლისის მხარე,
ზაფხულის გულით მზეს მივერითმე,

მზემ კი უმანკო ჩრდილით შეამკო
მდინარის ტანი, მთელი ცხოვრება,
დღეღამ იცვლება სიტყვათა წყობა,
ნუთუ კოცნებიც არ მეორდება,

ნუთუ ოცნებით თავს არ იწუხებს
მეოცნებეთგან უპირველესი,
თავს იბორკილებს, იდებს მარწუხებს
და მაინც ცოცხლობს, ვერ კლავ, ვერ ესვრი,

ვერც ხელს შეახებ, ვერც მოიტყუებ
და ვერც მიხვდები სადა ხარ, ვინ ხარ,
თავს დაიმუნჯებ, თავს მოიყრუვებ,
თუ გინდ კითხვაზე პასუხი გითხრას,

ღვთის ანგელოზმა, ვინც გინდა იმან,
გინდ სიკვდილის წინ პირისპირ დადგე,
ისევდიანებ პირწმინდა მიწად
და ღრუბელ-ღრუბელ გვირისტით წამსვლელ

ქარს გააყოლებ სუნთქვას ფეხდაფეხ,
იმ ერთად-ერთი კოცნისა მსგავსი…
როცა ვერ დაწვავ, როცა ვერ დახევ,
ცას მოეკიდა ღრუბლების ხავსი

და ჩემი სუნთქვაც თან აიყოლა,
ზედ ააბნია ვარსკვლავთ სამკერდედ,
თითქოს იყო და არა იყო რა
ის ერთი კოცნა, თითქოს ვსვამდე რძეს,

ანდა წყალს ვსვამდე მდინარის პირას,
მაგრამ წყურვილს კი, ვერ ვინაყრებდე,
ბაღჩა საზღაპრე ვინ დაითმინა
სხვა შესართავი სხვა მდინარემდე,

ვინ მოიარა, ისიზმრა როცა
და მოილოცა ძვირფას თვლებითვე,
შენ ღამით დაგრჩა ჩემს ტუჩთან კოცნა
მე კი სიჩუმეს ხმად მივერითმე,

დავიმარტოვე თითქოს სამყაროც
და ერთი პატარა ნაწილი მისი
ქარს ავატანე და ახლა ვხარობ, 
თავი გავხადე სიცოცხლის ღირსი.