Litclub.ge

მე მჯერა ქარის, სიყვარული - როგორც ფოთლები
იცი?! 
ყოველთვის, როცა უშენობა საზღვრებს სცილდება
ყველა, უბრალოდ, სულ უბრალოდ ჩვეულებრივ დღე,
მე გამოვდივარ სტივენს გრინზე, ეს არის პარკი,
საზოგადოებრივი პარკი, სადაც სხედან, წვანან, დადიან,
დაფრინავენ ან დაცურავენ. ჩვეულებრივი, ჩვენნაირი
ადამიანები და ფრინველები.
ყველაზე მეტად კი ბავშვები... ბავშვები მიხარია(ნ)....
ჩვენ ხომ არასდროს გვყოლია ბავშვი.

ჰოდა ყოველთვის, როგორც ყოველთვის 
მე ვამჯობინებ მოვკალათდე ამ პარკის გულში.
გულს მე ვეძახი, თორემ ისე, გულის ფორმა სულაც არა აქვს
ის არის მრგვალი და მთელ წრეზე არის სკამები,
რომელთაგან ვირჩევ ცარიელს,
რადგან არავინ დამირღვიოს თვითმყუდროება, 
სიმარტოვე, ან სიადვილე. 
თითქოს ამ გრძნობას არ გავურბოდე, ყოველთვის, როცა
ყოველთვის, როცა ბედნიერი აქეთ მოვდივარ.
ვწერ ხოლმე ამ დროს (როგორც ახლა), ვაკვირდები, ანდა ვკითხულობ

მოწყენაა თუ შემოდგომა?...
როგორ იცვლიან ხეები ფერებს, მზე, რომ აქრებათ, ან პირიქით, გადაანათებთ...
როგორ ურხევთ ნიავი ტოტებს, უშრიალებთ ფოთლებს ანაზდად,
მერე როგორ "ასხდებათ ჩიტი". ასხდებიან ჩიტები ანდა სულაც არ ასხდებიან,
არ იწყებენ გალობას მასზე, თუ როგორ ძლიერ ენატრებათ თბილი ქვეყნები,
სადაც ყოფილან ან არც ყოფილან და უბრალოდ სწყურიათ წასვლა.
გაუგიათ, რომ - იქ კარგია!
რომ იქ მზის სხივებს არიგებენ ყველა ქუჩაზე, მაშინ როდესაც,
ამ კუნძულზე, ლოცვა-ვედრების, მხურვალე ლოცვის შედეგია მზე,
ჩვეულებრივ, მოკაშკაშე, თუნდაც ნახევრად. 

მოკლედ ვწყვეტ წერას. როგორც ყოველთვის, 
მოსაწევად ვიღებ პაუზას და ვაკვირდები:

ერთი-მეორეს ხელჩაკიდებულნი, ისე უსასყიდლოდ, ისე გულახდილად 
ბავშვებივით მიჰყვებიან, 
თითქოს არ იცოდნენ, ერთის გარეშე, რომ მეორე უფრო თავისუფალია.
მეს კი გონია, რომ უფრო ინსტიქტურად, ქარი დაუბერავს
და უფრო წითელს, ვიდრე მოწითალოს, მეორეს, ჯერ თმებს აუწეწავს,
მერე რატომღაც, შეყვარებულებად მონათლულ "ერთმანეთს",
ერთმანეთს დააცილებს. 
ბედნიერება, ალერსივით, მეტისმეტი, რომ არ მოუვიდეთ და 
რომ არ მობეზრდეთ.
ერთი-მეორის გემო, რომ უფრო მეტად იგრძნონ, ერთი მეორეს უნდა მოაცილოს,
რადგან, თუ მაინც... 
თუ თავისუფლებაც მობეზრდებათ და უერთმანეთობა დაღლით, 
გავა დრო და...
ღვთის სიტყვასავით, ბევრად უკეთეს ერთმანთეს იპოვნიან.

მოკლედ ყოველთვის, როცა უშენობა საზღვრებს სცილდება
ყოველ, უბრალოდ, სულ უბრალოდ ჩვეულებრივ დღე:

მე მჯერა ქარის!
მოწყენაა, თუ შემოდგომა, 
მე მჯერა ჩემიც,
ჩემი_ალბათ ქარს,
ამიტომაც მიაქ-მოაქ 
სიყვარული - როგორც ფოთლები.