Litclub.ge

მეისრე
ალექსანდრეს

და წვიმის შემდეგ 
ატალახებულ მინებთან ვდგავარ, 
მძინარეს გიყვები იგავებსა და ამბებს 
ამ ქვეყნის შესახებ -
გასწვრივ მდგომებზე.
უსასრულო ხაზებად მდგომთა შესახებ.
ფოთლებივით მშვიდთა და ბედთან შეგუებულთა.
ხსოვნის ყველა უჯრედზე,
რომელმაც შემომინახა განცდა და შიში
თვალებში ცქერის,
გმირების გზას რომ დავადექით და 
მივედით ყველაზე ახლოს
გახშირებული სუნთქვის მოსასმენად.
სიცივის ოხშივართან
და განწირულობის მხურვალებასთან.
ერთად ჩავხედეთ თვალებში
თვალებაკრულსა და უთვალებოს. 
დედა კუთხეში ჩაჩოქილი მივატოვეთ -
ეს თაიგულია დედაშენი, 
ეს გულსაცავი და
გულისფეთქვის გადანაწილება.
მე კი მეისრე,
უნდა გიჩვენოთ უსაფრთხო გზები.
ბჟუტავი სინათლე და
დილის ძილის მეზღაპრე,
რომელსაც თავზე ადევს გადაშლილი
ყველა შენი თვალღია შიში,
როგორც აღსაკვეცს წმინდა წერილი.
და წვიმის შემდეგ 
ატალახებულ მინებთან ვდგავარ, 
შორს ჩამქრალი მოჩანს გუმბათები,
მძინარეს გიყვები იგავებსა და ამბებს 
ამ ქვეყნის შესახებ -
რომ მე როცა დავიბადე,
ბებიჩემის დედა, ალექსანდრა 
იმ დღეს გარდაცვლილა.