Litclub.ge

მახსოვს...
(მოგონება თბილისური სუფრიდან. გვმასპინძლობდა გიო საჯაია)

მახსოვს უცხო თვალები, იმ სუფრაზე, უგონოდ
რომ დავთვერი დალოცვილ ღვინის მცირე ყლუპებით;
მშვიდი იყო საღამო, სიცივე კი უღონო,
და ვფიქრობდი რატომღაც: “ - ალბათ დავიღუპები”.

მერე სუფრა გახურდა, ჭიქას მოჰყვა ჭიქები,
შეგვეცვალა გუნება და სახეზე შევფაკლდით;
გაგვეღვიძა ვაჟკაცებს სულში ტრფობის ჯიქები
და გადაშლილ გულებით სრულ ძმობაზე შევთანხმდით.

იმ დღეს სუფრას არ აკლდა მანდილოსნის სურნელიც,
თმების ჩუმი შრიალი არემარეს ათბობდა;
წყლის უნაზეს ჩხრიალზე მიხვდებოდა სულელიც,
რომ „წისქვილში“ ვიჯექით და ხმაური გვართობდა.…

მე კი დამრჩა თვალები, იმ სუფრიდან, უგონოდ
რომ დავშორდი ყველას და ისევ ღვინის ყლუპებით;
ხვალ ბახუსი მომკლავს და დარჩენილი უღონოდ,
ვიფიქრე და მივხვდი რომ მართლა დავიღუპები.