Litclub.ge

ნაბოდვარი
ახლა რასაც დავწერ არის ნაბოდვარი
- ალბათ აღარც დავწერ – ზოგჯერ ასეც ვფიქრობ,
მაგრამ როცა დგება ღამე ნაბოსვარი
მტანჯავს ნევროზები, ურცხვად ძილებს მიფრთხობს!

მერე მთელი ღამე ვფიქრობ ვარსკვლავებზე,
ვფიქრობ ზეცაზე და ზოგჯერ საკურაზეც,
ვფიქრობ ლოთობაზეც – ნეტა ვანსხვავებდე,
ყურძენს საარყოს და ატამს სამურაბეს...

ვფიქრობ გაზაფხულმა როგორ ჩამიარა,
როგორ ვერ გავიგე მისი სურნელება,
და გონს რომ მოვიდე ალბათ წამი არა,
წელიც არ მეყოფა... გამასულელებდა

ღამე, რომ არ იყოს კიდევ ერთი ფიქრი –
ფიქრი ზეცას თავი როგორ დავაღწიო,
სადღაც, ვიღაც ალბათ რაღაც გრძნობით მიჰქრის
და მსურს ჩემი გულიც იმას დავაწიო...

მტანჯავს ნევროზები, ურცხვად ძილებს მიფრთხობს,
როცა ჩამოდგება ღამე ნაბოსვარი,
- ალბათ აღარც დავწერ – ზოგჯერ ასეც ვფიქრობ,
ახლა რაც დავწერე არის ნაბოდვარი...