ჩაიწრიტება მოლოდინი გადამწვარ მრწამსში,
მძაფრი შეგრძნება ხასიათში ჩაიტვიფრება.
ტვინის კორძები გადახარშავს სულის სიგნალებს _
ამომქრალ სივრცეს გადაყლაპავს ქუთუთოს ლორწო
და მკვდარი სუნთქვა ამოავსებს დღეთა ვაკუუმს!
_ გამიხშირდება ბაგაბუგით, ნერვების სკდომა,
ლურჯ კაპილართა, მომედება ქსელი _ სახეზე!
იმძლავრებს ხველა, ხმის იოგებს შემუსრავს ჭირი,
მსუსხავი ტკენა ყრუ კივილით გამომაშტერებს,
ო, ძალზედ ნელა, უჩქარებლად გავთახსირდები!..
ტერფის ნაოჭში ჩასახლდება მანძილთა რიცხვი,
დამარტყამს ზურგზე სველ კიდურებს არსთა სიმრუდე _
განწონილ სიტყვებს გაიმეტებს სევდის ქურუმი!
მოვხვეტავ თმებით, სხეულიდან, უჯრედთა მასებს,
მაკროსამყარო მილიარდჯერ შემიმცირდება;
მლიქვნელ მიმიკას შემახვედრებს თვალთა ფართხალი,
შემეშინდება საკუთარი ბიოგრაფიის, როგორც სიგიჟის!..
_ ჩაშხრიალდება მოლოდინი მრწამსის მილებში,
მძაფრი შეხება, ზეგუმანთან, გამითავისებს!..