დავეძებ გუმანს მოძალადე, მტარვალი მზერით,
მძვინვარე პათოსს შემოვახევ ვნების მანტიას...
თვალთა ღრმულები იჟღინთება რუხი ქსოვილით;
მათ მაგივრობას გამიწევენ მკვდარი ნისლები.
_ ვუხმობ მარათონს, ინდივიდი რბევისგან ცვდება.
ხერხემლის არხში შეცურდება ფიქრის მუხრუჭი.
დაკოჟრილ ენას, თავმოწყვეტით, უკან ჩავყლაპავ
ამიდუღდება ბოღმის სფერო ყელის საყვირში
და ამოვანთხევ გაგიჟებით საზარელ ხრიალს!..
_ გარემო ჰყივის, სივრცეებით მძიმდება ზეცა,
არ წვეთავს ჩირქი, არც ნაღველი, გვამთა რკალიდან;
სულის საცხედრეს ემსგავსება განცდების მორგი...
უკიდეგანოდ თვალთწარმტაცი იშვა სიცივე.
ლანძღვის ფორმულით შეურაცხვყოფ _ აბსურდებს ტვინთა,
შევახლი მიწას აზვირთებულ გრძნობის ფენომენს _
გაუაზრებლად, მე დავხეთქავ ტკივილის მითებს,
ვით შორ ლეგენდებს, მიძინებულთ მრუმე ხსოვნაში.
_ გავაპობ გუმანს შეუპოვარს, სასტიკი მზერით,
მჭექარე პათოსს შემოვამსხვრევ ნიღბებს სარკისას!!!