Litclub.ge

მიამიტური აუხსნადობა
ბნელი სფერო თავისქალის ოვალზე ბობოქარია,
არსი იღვრება ამომშრალი სულის კუნძულზე;
გამაყრუები სისინი კაწრავს სივრცეს.
_ (მინდა შენს მზერაში, ტანშიშველმა ვიბანავო...)
და დახშულია ურწმუნოების მძიმე საიდუმლო.
მოკრძალებულ ირონიას ვაფრქვევ ჰაერთა მასებს,
ყოფის კოდექსი ჩაიწერა აღთქმების წიგნში;
ნაკლულ ვნებაში აიღრევა უსაზრისობა!..
_ (მე ვიტკენ სახეს, უსასრულოდ შენგან ამბორით!)
არ მივაწყდები გადარჩენას მუხლებზე ჩოქვით _
მხოლოდ გუმანში დავაჩოქებ ტვინის ნაოჭებს.
და მკვდარი ბავშვი გამოჩნდება დედის საშოდან...
პირადი რწმენა აწარმოებს ჩემ სულის აბორტს!
მიკარგულ ფაქტთა, შეუძლებლად ცრუ სიმფონიით.
_ ვარსობ, თან ვამხობ შთაგონების გაუთლელ მწვერვალს,
რად ვარ უტაქტო, იშვიათად შთენილ დღეებში?!
რკინის ძარღვებში _ ნავთიანი სისხლი მოშხუის,
სახსრების ხრჭიალს ყავარჯნებით აწყობილ ტანში!..
ნიავთან ერთად მოვარდნილი მძორის სურნელი~,
_ (და ისევ მისი ნაღვლიანი თვალის სიწითლე!) _
ვაფურთხებ ზეცას, გალაქტიკის უკიდობნიდან,
თვითგაორებულ პერსონაჟთა სულთა საყუდელს.
ხეზე მიჭედილ ჯვარცმაშია ეს მთელი ცოდვა...
რადგანაც ქუჩას შეღამების ეტყობა ბინდი,
რადგანც უკვე წარსულია დღევანდელობაც!
რისხვის მანტია დამაფარეს იქეთურ არსთა.
_ დამწვარ სიზმრებში მოვლენილი გარდასახვების!
აგორებული წლების ბოლქვი დროის მთებიდან _
რომ მიისწრაფვის აწყვეტილი, ვინმეს ხსოვნისკენ!
გაყრილი არ ვარ ჩემს საკუთარ ინდივიდისგან _
განვერიდები, თუმცა კია, მასთანვე კამათს
და შრება ფიქრი აზროვნების მოჭიმულ თოკზე.
მკრთალ სისველიდან იწურება გრძნობების ლორწო,
სრულ-უსრულობის სასრულობა გასრულქმნილდება,
გაუკვდავება უკვდავობის მარტივი მრწამსი!
_ მე ისევ ვავსებ ამ გარემოს, ჩემივე მასით,
მე ისევ მზარავს ყოფიერთა გადმობირება,
თუმცაღა მათთან, არასოდეს გავვიგივდები!
_ (ამგვარად გიხმობ, სევდიანო, წყლიან გუგებით,
ამგვარად გელი, როს კარებთან დგახარ ეული!.._
_ ბნელი სფეროა თავისქალის ოვალზე დიდი,
არსი დაღვარეს გაძარცული სულის კუნძულზე!