Litclub.ge

* * * "გადატეხილი ძვლის ტკივილი"
გადატეხილი ძვლის ტკივილი მშრალ და უსულო ტანში,
გამოხედვა, მივარდნილი უსასრულობაში და შორს...
შემაძრწუნებელი კვნესა, მოსხლეტილი ლურჯი ბაგეებიდან
და სისხლის მყრალი გუბე, ჯოჯოხეთის გზებიდან.
ხელისგულის ანაბეჭდი ევგონას ნაზ ლოყაზე _
მფრთხალი აზრები და უძილობა მთვრალი ღამით.
მიყვარდა ქუჩათა ამბოხი და მსუსხავი მტვერი,
და ფანჯრიდან სამგლოვიარო მუსიკა _ ნელი!
მაძღარი შიში, ნასუქები ეგოისტი არყოფნით,
მოკრძალებული და ჩუმი სუნთქვა ბნელიდან...
ევკალიპტთა სურნელი, მსუყე რტოების შრიალი,
გადავარდნილი ლექსი, მგოსნის მქრალი ხელიდან.
ურწმუნობის თავსატეხი ნაძარცვი ფრესკის მახლობლად,
კანდელთა ციალი, ჩაქრობის სიახლოვით და ღვენთით...
მამაოს ვითომ-ლოცვა, ვითომ სიწმინდის გუმბათები,
და დაცლილი, სულ ამაოდ და ტყუილად-გუმანები!
სანჩოს როლებში გახვეული მარტივთ ნეგატივი,
დაუცხრომელი სიხარბის პარპაში ჩვენს ირგვლივ.
ძაღლის მჟრჟოლავი ყმუილი, მსოფლიო გვამის თავთან,
ჩემი აჩრდილიც, საცოდავად ატუზული ჩემსავე სახლთან!
ქაოსში ჩნდება ოცნების უხილავი ბზარი,
კვლავ მგლოვიარე გამების ღვარცოფი ასკდება სმენას,
გარიყვის მანია იპყრობს ფსიქიურ ლტოლვას _
ამით ვიხშობ და ვანადგურებ საზიზღარ ბოღმას!
არსებობიდან მხოლოდ კვარცხლბეკი დარჩება მალე,
ედემშიც _ დემონი ნაწოვარ სისხლით გაიბადრება...
არ ქრება ეშმა, მისი ხელების ჯარით და რისხვით,
ასე იზრდება და მრავლდება განცდების შავი რიცხვი!
დარჩენილ წამებს ეწურებათ ბოლო წვეთების გროვა,
სქელი ღრუბლების დამახრჩობი ნისლები შთება...
და იმართება შენიღბული იუმორესკები...
(ისევ სტირიან, ხსენებული ზემოთ, განძარცული ფრესკები.)
დაუკეტავი კლიტის ღრჭიალი ყოფილ ნასამარევთან,
მავნე და ცუდი შთაგონების მწარე ნაყოფი.
აწ დაკონკილი ნაგლეჯები სულთა სამოსის;
_ ჩვენი განთიშვის წინასწარი, რუხი ანონსი!
დაუოკებელ სურვილების გრეხილი ჯაჭვი,
მთელი არსებით დაკნინებული ცოცხალი ლეში,
ამ უხამსობის, ავხორცობის დამპალი შლამი;
და ვამპირების არიები მთვარიან ღამით.
ასეა სიტყვა, მერე სიმრავლე, ფრაზები, ხმები;
მით უფრო თხოვნა, უფლისადმი, ნასესხი სხვისგან...
გაცამტვერების ყრუ მორალი, კიჟინი ქართა,
და მიღებული სიცხოველე იმ კახპა ქალთან!
_ უაზროობა, უაზროობა და შეგუება!