ამ მზემ რა იგრძნო გამთენიისას,
ამოიღმერთა როცა გორიდან,
ხერთვისის თავზე დამდგარო ნისლო,
გადმოხვეწილო დამფრთხალ გნოლივით,
ჩემო ასკილო, შემოგევლები,
თავები ვცვალოთ, მოდი, ტიალი,
მე _ შენ წილი ბასრი ეკლები,
შენ _ ჩემი შხამი და ხეტიალი.
შენ აქეთ-იქით წახვალ, ჩაივლი,
მე კი _ სიცოცხლე ორად გაყოფილს,
გაზაფხულობით თეთრი ყვავილი,
შემოდგომაზე ძოწის ნაყოფი.
სულგაგზავნილი, როგორც სამყარო,
გაბრუებული სიკვდილს ძილით,
ზამთრობით ვიყო მშვიდი, საპყარი,
დაყუდებული და დაძონძილი.
ვცვალოთ ერთურთი, შემოგევლები,
შვებას გამოვთხოვ ეკლიან ტოტებს,
ზოგჯერ გათანგულს შენი თვალებით
ქარი დამისტვენს და შემატოკებს.
კაცის უფიქრალს ვიფიქრებ მეცა,
ამითრთოლდება ეკლები წვრილი
და ჩამეღვრება სხვა მზე და ზეცა _
ბალახების და მინდვრების წილი.