Litclub.ge

სიმძაფრის ბნელი გრავიურა
დაძაბულ ღამიდან სულიერი დრამების სპექტაკლი იწყება,
ჩუმი სიშავე მელანივით თრგუნავს ჰარის უფეროობას.
ელექტრობოძზე ნათურას ეხვევიან დაბნედილი პეპლები.
და მათი ხოცვა ნაწვიმარ ასფალტზე ტრაფარეტდება _
როგორც მრავალფეროვანი გრიმი მასხარას, იძულებით ღიმილზე...
მასხარას ღიმილში შორი ციალის სხივები კრთება
შუაღამისას, რახანია, აღსრულდა დაკრძალვა,
ჭირისუფალთაგან, მხოლოდ მე და ხის ძირას მიყრილი ნაგავი აღმოვჩნდით.
მეგობრის სახლში საშინელი სიცარიელე მკვიდრდება,
მეგობარი სხვა განზომილებაშია, სარკეთა მიღმა,
მორჩილი ფრაზები იბადებიან ამ უშედეგო სისავსიდან,
ქუჩის კლანჭებში მოქცეულა ჩემი დიდრონი სახლიც.
მე მშურს მიკრობის, რომელიც ცის სიღრმეშია, სადღაც
და მიყრუებული ჰარმონიით მინაზებს სმენას!
ვისი სუნთქვა ამძიმებს ღამის ავადმყოფ ატმოსფეროს?!
გვერდით ოთახში მოხუცმა საზარლად ამოიხვნეშა _
ლექსის აღრევა ტვინიდან მონაჟონ სისხლთან,
ლექსის აღრევა ჩემს ძარღვებთან!
ვიღაც საიდუმლო ქალმა გაიარა სარკმლის წინ,
მის ფეხთა რიტმული ჟღერა საოცარ გამას ჰქმნის,
მე უკვე თითქმის მძინავს,
გარეთ ისევ ის ლამპა კრთის.
და სულის დრამა ეპილოგით აღიკვეთება!