Litclub.ge

ღამის უჩვეულო სტუმარი!
ვით გროშები _ მასხარას, ღმერთმა შვება მახარა
და ჩავები ფერხულში, მე, სტიქიურ ქარებთან!..
შვება რატომ მოვარდა, უსევდობამ დამკაწრა,
გადავფრინდი უმიზნოდ, განშორებულ ღამესთან.
რად ვესტუმრე უეცრად, შემეგება უხეშად,
პირი უცებ ვიბრუნე, წავიდოდი მეგონა...
მიყურებდა უკმეხად, უაზროდ და უტეხად
ნეტავ ნავსაყუდელი სულ სხვა მხარეს მეპოვნა.
გამაყრუა ღრიალმა, დამაფეთა ტიალმა,
მიხვდა ალბათ, რომ ჩუმად განშორება მინდოდა...
აღსასრულის ნიავმა და პირადმა მისანმა
მაგრძნობინა დაღუპვა, როცა სული მიკრთოდა!
შევაღწიე ჯურღმულში, ჩავიჩეხე უფსკრულში,
ქალა, ჩემი თავისა, გადამსდარა შუაზე...
აჩრდილების ჩურჩულში, გავეხვიე ქურთუკში
და ხელიც ავიფარე, სახის მფარავ ვუალზე.
როგორც ვინმე მურდალი, თავის ჭირისუფალი,
მე მივჯექი უთავოდ, სიმარტოვის ზარებთან.
_ ვიყავ ღამის სტუმარი, ღმერთს მადლობა ვუთხარი
და ასე გავემართე საიქიოს კარებთან.
ვით ხარხარი _ მასხარას, ზეცამ შვება მახარა,
შევაღწიე ქროლვაში, გაგიჟებულ ქარებთან!..
შვება რისთვის მოვარდა?! _ უდარდობამ დამკაწრა
და გავფრინდი ისევე მიტოვებულ ღამესთან...