Litclub.ge

მე შენმა ფიქრმა მიმარინდა
მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! 
ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! 
ვარდის ბაგენი შვენიერად სხვა მაპირებსა! 
ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა! 
როდეს იქნება, შემომხედო გულსა მწირებსა! 

ეტლ-შვენიერად მოარული გამჰსგავსე მთვარეს; 
შენის ეშყითა მასა შევჰსტრფი, დამე ვვლი გარეს; 
უცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს; 
უსამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს! 
არ ვიცი, ვისსა გაჰსწყობიხარ რჯულსა, ფირებსა? 

თვით შენმა გულმა კარგად იცის, ვარ შენი მკვდარი; 
შენმან სურვილმან ჩამოლია გული კლდე-მყარი. 
პირველ შაქრისა გემო იყავ, ახლა ხარ მწარი; 
სამართლიანი გზა დააგდე, დამიხშევ კარი! 
ვინც რომ ამ ჭირში დამინახავს, დამიტირებსა! 

მე ტკბილის გულით შემოგყურებ, შენ მემალები; 
გინდა რომ მოვჰკვდე შეუყრელი, არ გებრალები! 
რამდენის რიგით ცეცხლით დამწვი, მით მჭირს ძალები! 
შენსა ბესიკსა შენი მოჰკლავს ცეცხლის ალები... 
ერთხელ აღირსე შენი ხილვა შენსა მზირებსა!