Litclub.ge

მეილები ნატო ინგოროყვასთვის-მეილი პირველი
ნატო, ძვირფასო! 
მე-შენი გულის ნაწილი და სულის ნატეხი, 
ფრთებით, რომლებიც შენი ლექსებით მხრებზე გამომასხი, 
უსახელო და უბინაო მეტეორივით, 
ისევ დავფრინავ ატაქსიურ ატმოსფეროში. 
აქ განფენილი კოსმიური სივრცის მინდორზე, 
აპოკალიფსის უხორცო და რუხი ხელებით, 
შენდება შავი ოზონის ოდა, 
როგორც მარადი დროის მკვლელი-უდროობა. 
ვდგავარ სიცივით გამაძღარი ოდის კიბეზე, 
უსითბოობით დაღლილი და ნაშიმშილარი, 
დარდების ყულფში თავგაყოფილი, 
სურვილებდალეწილი, 
ბრძოლების წაგებაში გამარჯვებული, 
და მე, თითქოსდა, დღემდე არყოფილს, 
და მე, თითქოსდა, ჯერ არარსებულს, 
ბავშვობაში დაკარგული ღიმილივით მაგონდება 
შენი მდიდარი სიჩუმე დუმილიან სიმღერაში.… 
ცვარმოცელილი ცაა ცარცივით, 
მე კიარადა, უფალსაც ცივა. 

ნატო, ძვირფასო! 
ცის კიდის იქით და იმ კიდის კიდეებს იქით, 
არამქვეყნიური ყინულეთის თოვლიან მთაზე, 
სადაც იწყება უკვდავების მარადი გარსი, 
სადაც მგზავრობა მხოლოდ რჩეულს ხელეწიფება, 
ჩანს ორქიდეა,- 
ჩემი სურვილების აცდენილი სამიზნე, 
დაბედებული უბედო ბედი, 
ვინ იცის, იქნებ ბედისწერა, 
მისი ყოფნა-არყოფნა 
შენი წამწამის შერხევით რომ უნდა აიწონოს. 

ნატო,ძვირფასო! 
აქ, სადაც ახლა წევს ზამთარი თერმობირთვული, 
სადაც ყვავილობს დაბურული უდაბურება, 
სადაც ფიქრია სივრცეზე ბევრი, 
გუშინ,…გუშინწინ თუ იმის წინ, (ზუსტად არ მახსოვს), 
სულეთის მხრიდან მოფრენილი სანთლის ხომალდი, 
უსკაფანდრო პილოტებით, 
უსხეულო მგზავრებით 
და რვა პოეტით, 
ცხელი პროგრესის ცივ და უხეშ შუბლს შეეჯახა. 
ღრმა კომაშია შვიდი მათგანი: 
პოეტი-ფანტაზია, 
პოეტი- ემოცია, 
პოეტი- ესთეტიკა, 
პოეტი-გრძნობა, 
პოეტი-გაოცება, 
პოეტი-სევდა, 
პოეტი-სიყვარული. 

ნატო, ძვირფასო, 
შენი ლექსების ჯადოსნურ და მფრინავ ხალიჩას, 
როგორც უტყუარ და ერთგულ მაშველს, 
გამოატანე გადანახული ცრემლების ამპულები, 
გადაარჩინე შვიდი პოეტი. 

p.s.
მერვე კი… მერვე, ყოვლად საღი და სალამათი, 
სახელწოდებით: “ კომბინირებული პოეტი-გულგრილობა”, 
თვალით უნახავ, მაგრამ ხილულ სიცივესავით, 
გაუჩინარდა ყველგან და არსად.