ახლა ჩვენს შორის ღამეა და ჭიქა ორიოდ,
მუხლზე საფერფლე მივიჩვიე, სავსე პირთამდე,
თვალებს ვადევნებ უვიწროეს წლების კორიდორს,
და მეშინია, უცაბედად არ დამიმთავრდე.
ჯამბაზებივით მაცინებენ სახლის კედლები,
ათიათასად დახეთქილი, წლების მიხედვით,
ანგელოზივით ფრთებს ისხამ და უცებ თეთრდები...
დამტვრეულ საათს ვეხმარები, წამებს თითებით -
ვითვლი და ვითვლი, მერე ვიწერ უბის წიგნაკში,
ახლა დრო არის ერთადერთი რაც მაბადია,
ვდგავარ - არაფრით (სიყვარულით), მე შენს წინაშე,
ენაბორძიკით გეუბნები წლები გადიან.
წლები გადიან, ჩვენ კი ვრჩებით ისევ ორიოდ,
ჩვენს შორის ახლა საფერფლეა, სავსე პირთამდე,
თვალებს ვადევნებთ, დღეს მომავლის ვიწრო კორიდორს
და გვეშინია ერთმანეთი არ დაგვიმთავრდეს.