გადაიარეს ავდრებმა და
გაზაფხულის ცას
ათავისუფლებს ღრუბლებისგან
სხივშემთბარი მზე,
ყოველი სიტყვა ძვირფასია,
სადაც გული სჩანს,
ლექსიც სხვაგვარად ეფერება
თითის ბალიშებს.
წინ აპრილია, ატმის ფურცლის
ვარდისფერი თმით,
მთებს მიღმა უმზერს სარაბანდას
ქარი - ბორიო,
მოგონილია ეს სიმშვიდეც,
წამიღებს რიტმი
სამხრეთისაკენ, რომ ცეკვისას
ამიყოლიოს.
სახეზე არცთუ შეჩვეული
სიფერმკრთალეა,
მოჭარბებული დაღლილობით
ვართულებ დღეებს,
და მიხმობს შენით დანახული
სივრცე თვალების,
რომლებშიც ასე ახლობელი
სულის სიღრმეა.
მოგონებები ძლივსშესამჩნევ
ხაზებს ტვიფრავენ,
ემსგავსებიან ერთმანეთის
ხელისგულები,
შენ სუნთქავ ჩემი მონატრებით
გაჟღენთილ ჰაერს,
და მარტოობას დროებითაც
ვერ ეგუები.