Litclub.ge

უსიტყვოდ
(ხმელი ლექსებიდან)

”სწორედ სიტყვებმა გააჩინეს პირველი ბზარი”
მარკ სტრენდი

ეს - ჩემი საუკეთესო ლექსია,
აქ - ყველა სიტყვაა, 
რაც უნდა მეთქვა და არ დავწერე.

ეს ის ლექსია, 
წაკითხვისთანავე რომ გავიწყდება
და სათაურიც არ გაჰყვება მეხსიერებას.

ის თავშესაფარია 
უადგილოდ დარჩენილი ყველა სიტყვის.

სტრიქონები - ერთჯერადი გამოყენების.
სიტყვები მუსიკამ მიატოვა 
და ექოა მხოლოდ.

აქ - ყველა სიტყვაა, 
რომელიც ვიპოვე და დავკარგე.

ეს უსიტყვებო ლექსია,
პირველხარისხოვანი სათქმელი,
მეორეხარისხოვანი აზრებით დაიმტვერა 
და სტრიქონებს შორის ჩაიმალა.

ფეხს თუ წამოჰკრავთ, 
ან თუ სადმე გადაეყრებით, 
ნუ დამიბრუნებთ.

ისინი ადრესატებთან მიდიან.