1928 წლის 22 აპრილს თბილისში დაიბადა დიდი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი ელგუჯა დავითის ძე ამაშუკელი.
დიდი შემოქმედები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ თანამედროვეებზე და მომავალ თაობებზე. შეიძლება კაცმა არაფერი იცოდეს თბილისის შესახებ, მაგრამ ერთხელ თუ მაინც ნახავს, მთელი სიცოცხლე ემახსოვრება მეტეხი და ვახტანგ გორგასლის ძეგლი.
ზოგჯერ შეიძლება იფიქროს კაცმა, ღმერთმა სამყარო რომ გააჩინა, ზოგიერთი რამ ბუნებაში, სივრცეებში, ჰარმონიებში თუ წარმოდგენებში დაუმთავრებელი დატოვა, რათა მერე მის საყვარელ ხელოვანებს დაესრულებინათ. ამით, ერთგვარად, იქნებ უნდოდა გამოეცადა ადამიანი, მართლა არის თუ არა ხატი ღვთისა და შეუძლია თუ არა შემოქმედება. ეს შეიძლება ითქვას დიდ მოქანდაკეებზე, დიდ არქიტექტორებზე, დიდ მხატვრებზე, დიდ პოეტებზე და სხვა.
ვინც თბილისსს კარგად იცნობს, ვერ წარმოუდგენია, ვახტანგ I-ის მერე, თუკი ოდესმე ყოფილა ისეთი დრო, როცა მეტეხის კლდეზე არ მდგარა გორგასლის ქანდაკება. მე მგონი, გორგასლის ქანდაკება მუდამ იდგა მანდ. ან საუკუნეების მანძილზე ელოდა მეტეხის კლდე დიდ ხელოვანს, ელგუჯა ამაშუკელს, რომ მისი ჰარმონია დაესრულებინა მოქანდაკეს.
ვახტანგ გორგასლის მონუმენტური ქანდაკება ჩვენი ჰეროიკული წარსულის დიდებაცაა და დიდი მომავლის მაცნეც. როცა ერს არ აქვს მომავალი, ის მონუმენტურ ქმნილებებს ვერ ქმნის. ხელოვნებაში მონუმენტალიზმი ზოგიერთს მხოლოდ ტოტალიტარული პოლიტიკური წყობისათვის დამახასიათებელი ჰგონია. ზოგიერთისათვის მონუმენტალური ხელოვნება რაღაც აკვიატებული იდეების მსახურებაა, ხარკია თუ სხვა. მაგრამ, განა მომავლის რწმენა, შვილებისა და შვილიშვილების მომავლისადმი დიდი იმედი, აკვიატებული იდეაა?
ჩემი აზრით, მონუმენტური ხელოვნება დიდი წარსულის განცდითა და მომავლის იმედით არის შთაგონებული თუ შექმნილი. მონუმენტური ხელოვნება ერთგვარად დიდი ხიდია წარსულსა და მომავალში გადებული, აწმყოს თუ ხელოვანის მიერ. და რაც მთავარია, მონუმენტური ხელოვნება, მათ შორის ქანდაკება, მხოლოდ გრანდიოზული და დიდი კი არ არის, არამედ შინაარსითაც მონუმენტურია, დატვირთულია, შინაარსიანია, ტალანტით სავსეა.
მით უმეტეს, ვახტანგ გორგასლის ძეგლი. ცხენს მოდერნის აშკარა ელემენტები ეტყობა, მხედარი კლასიკური სტილითაა შესრულებული. ერთიანობაში სრულიად მთლიანი და გრანდიოზულია, ამ სიტყვის ყველა საუკეთესო მნიშვნელობით. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მდგომარე თითქოს განთიადიდან, დასაწყისიდან, მომავალ თაობებს ესალმება. კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება ვახტანგ გორგასლის ძეგლზე... მხოლოდ ეს ნამუშევარი რომ აღმოეჩინათ არქეოლოგებს რომელიმე უცნობი ცივილიზაციის ნაშთად, ყველა დარწმუნდებოდა, რომ უდიდესი კულტურის მატარებელი ხალხი ყოფილა ამ ნამუშევრის ავტორის მშობელი.
ერთი სიტყვა "ქართვლის დედაზეც". ქართველი დედის მრავალგვარი, ღრმა და მნიშვნელოვანი გააზრება არის გადმოცემული ქართულ შემოქმედებაში ისტორიულად, და ძალიან ბრწყინვალედაც. მაგრამ, თითქოს რაღაც აკლდა (გარეგნული, თვალისათვის დასანახი მაინც). და ეს რაღაც ელგუჯა ამაშუკელმა შეავსო და საქვეყნოდ დასანახად დადგა, გამოაჩინა, იმ უცხოელებისთვისაც კი, რომლებიც ძალიან ღრმად ვერ ჩასწვდებიან ჩვენს სულს. თვით ასეთი ზერელეებიც კი დაინახავენ ქართველი დედის ხატ-სახეს, გადმომდგარს თბილისის თავზე, როგორც კეთილ დიასახლისს, მასპინძელს და კერიის, მომავლის მცველს. "ქართვლის დედაზე", "დედა ენაზე", "დავით აღმაშენებელზე" სხვა დროს კიდევ ვილაპარაკოთ, როცა კვლავ გავიხსენებთ მის შემოქმედებას.
დღეს კი ელგუჯა ამაშუკელის დაბადების დღეა. დიდი ხელოვანი საშუალო განათლების მიღების მერე მოეწყო თბილისის აკადემიაში ქანდაკების ფალულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, სადაც სამუშაო თემად ჰქონდა ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი. 1958 წელს ჩატარდა კონკურსი და მისი შექმნილი ძეგლი დაიდგა თბილისში, მეტეხის მოედანზე.
1965 წელს ქანდაკებისათვის „ქართლის დედა“ მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. 1969 წელს მან გაიმარჯვა ბულგარეთის სახელმწიფოს დამაარსებლის ხან ასპარუხის ძეგლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში და მის მიერ შექმნილი ქანდაკება დაიდგა სოფიაში. მის ნამუშევარს - „დედა ენა“ მიენიჭა ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1985); „დავით აღმაშენებელი“ აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო პრემიით. მონუმენტური ქანდაკებების გარდა აღსანიშნავია მისი რელიეფური კომპოზიციები თბილისის დასავლეთ და აღმოსავლეთ შემოსავლებთან. „რუსთაველის“ და „აკაკი წერეთლის“ მეტროპოლიტენის სადგურების მხატვრული გაფორმება. აღსანიშნავია მისი ნამუშევრები ფერწერის, გრაფიკის და წიგნის მხატვრობის დარგში.
ელგუჯა ამაშუკელი ავტორია წიგნებისა: „წერილები ხელოვნებაზე“ (1984). „მეექვსე გრძნობა“ (1987), „დრო შემოქმედი“ (2000). მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვრის (1965), საქართველოს სახალხო მხატვრის (1984-89) წოდებები, იყო სსრკ მხატვართა კავშირის მდივანი (1984-89). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), „საპატიო ნიშნის“, შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერი, საბჭოთა კავშირისა და ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. 1981 წელს მიანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
დიდი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი გარდაიცვალა 2002 წელს მარტში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.