Litclub.ge

მზეო, დადექ და დაჰგვიანდი
მზეო, დადექ და დაჰგვიანდი,
წამ-წამი მაინც შეიცადე, 
საწუთროში ხომ შენი პეშვით 
შევსვი, რაც უნდა მსომებოდა. 
მაშ, დადექი და დაჰგვიანდი, 
სანამ დედა არ შემიცხადებს, 
იქნება ბეჩავს აღარ ვეშვი, 
რომ კი სიკვდილი ხსომებოდა. 

სიკვდილ-სიცოცხლის ვარ რჩეული, 
სულში ტკივილმა დაივანა. 
ჩემს სოლოს მიეც, მზეო, ბანი, 
ვიდრე ლეთას არ წავყოლივარ. 
მაცვია ლექსის ვარდეული, 
მაფორიაქებს სევდის ნანა, 
ვარ სიყვარულის დედოფალი 
და სიყვარულზე დამყოლი ვარ. 

სულის სავანე სულეთია, 
მეც სულეთს სულის გამო ვნახავ, 
იქ უფლისწული სიკვდილია, 
ცნობისწადილს რომ მიათმაგებს, 
როცა იქნება, სულერთია, 
ღამის სამანებს გადმოვლახავ 
და დავუკოცნი ცივდილიან 
ვარდს, ნამძინარევს, ცვრიან ბაგეს